სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა საგუნდო მუსიკის საღამო
ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დიდ საკონცერტო დარბაზში საგუნდო მუსიკის საღამო გაიმართა. კონცერტში სასწავლებლის უფროსკლასელთა გუნდი (ქორმაისტერი – ქეთევან მანელიშვილი, კონცერტმაისტერი – ლუიზა ლურსმანაშვილი) და ვაჟთა ფოლკლორული გუნდი (მთავარი ქორმაისტერი – გიორგი ჩხარტიშვილი, ქორმაისტერი – გურამ მალაყმაძე) მონაწილეობდნენ.
შესრულდა ქართული და უცხოური საგუნდო მუსიკის ნიმუშები.
როგორც აღინიშნა, ასეთი კონცერტის მიზანი საგუნდო ხელოვნების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენა, სასცენო გამოცდილების მიღება და ქართული მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობაა.
პირველ განყოფილებაში მსმენელის წინაშე ქეთევან მანელიშვილის გუნდი წარსდგა. უფროსკლასელებმა, როგორც უცხოელ, ისე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები შეასრულეს, მათ შორის, ბიზეს, შუმანის, ბრამსის, ბარდანაშვილის, ხორავას, კეჭაყმაძის, ლაღიძის…
მეორე განყოფილება კი ვაჟთა ფოლკლორულ გუნდს დაეთმო. ბიჭებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს სხვადასხვა კუთხის ხალხური ფოლკლორის ნიმუშები. მოვისმინეთ „ნანი-ნაი“ (აჭარა), „ბოდბელი ბიჭი“, „ამომავალო ღრუბელო“ (ორივე ქართლი), „ქალმა დამწყევლა ლამაზმა“ , „გოგუშიკა შავთვალა“ (რაჭა), „ლეკებმა რომ დამიჭირეს“ (გურია) და აჭარული პოპური.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის ნამღერმა დიდი სიამოვნება მიანიჭა მსმენელს, ამიტომ იყო, რომ დარბაზი მხურვალე ტაშით აჯილდოვებდა ახალბედა მომღერლებს, რაც, რა თქმა უნდა, მათი ხელმძღვანელების და თავად ბავშვების დამსახურებაცაა.
– დღევანდელი საღამო კარგად ჩატარდა. ცოტათი გული მწყდება, რომ ეს ბოლო კონცერტი იყო ბავშვებთან ერთად, ჩვენ სკოლას ვამთავრებთ. რვა ნომერი შევასრულეთ, ვფიქრობთ, მსენელი კმაყოფილი დარჩა, – თქვა გუნდის წევრმა ლინდა კახაბერიძემ.
– ასეთი კონცერტის ჩატარება ყოველი წლის ბოლოს, შთამბეჭდავია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დარბაზში კარგი მსმენელი – საგუნდო მუსიკის მცოდნე ზის. უნდა აღვნიშნო, რომ ამ გუნდის ყველა წევრი ნიჭიერია, ძალიან კმაყოფილი ვარ მათი დღევანდელი გამოსვლით. ეს ბავშვები თბილისის კონკურსისთვის მოვამზადე, მაგრამ ჩემს ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ეს ვერ შევძელი. ამიტომ მინდოდა ქალაქს მოესმინა. წარმატებაში დიდი იყო კონცერტმაისტერის წვლილი. სხვათა შორის, ამ გუნდში გაიზარდა „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე, – აღნიშნა ქათევან მანელიშვილმა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის მერიამ ღვაწლმოსილ პედაგოგს, ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელის მსახიობ-მომღერალს, მრავალი ათეული წლის განმავლობაში არაერთი გუნდის ხელმძღვანელს, ქორმაისტერს, დირიჟორს, არაჩვეულებრივ პედაგოგ დავით ბერიძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა. მას ეს წოდება მიულოცეს ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაშმა, სამუსიკო სასწავლებლის დირექტორმა ნინო ჩაიძემ. ქალბატონმა ნინომ სასწავლებლის სახელით დავით ბერიძეს, გუნდების ხელმძღვანელებს, კონცერტმაისტერს, სიმბოლური ფასიანი საჩუქრები გადასცა.
– 85 წლის გავხდი და ასეთი „მოულოდნელობა“ ჯერ არ მქონია, არ ველოდი… დიდი მადლობა, ვინც ჩემი ამაგი დაინახა და დააფასა. სხვათა შორის, ქეთევან მანელიშვილიც ჩემი აღზრდილია, – გვითხრა დავით ბერიძემ.
– ძალიან მიხარია, რომ ამ არაჩვეულებრივ კონცერტს დავესწარი, რადგანაც ეს როგორც საგუნდო მუსიკის, ისე, ფოლკლორის ზეიმი იყო. უნდა აღვნიშნო პედაგოგების ღვაწლი – რომ არა ეს ადამიანები, ასეთი თაობები არ გაიზრდებოდნენ. დღეს დავით ბერიძე დავაჯილდოვეთ და სწორედ ესაა პედაგოგების დამსახურების აღიარება, – გვითხრა სოფო ხალვაშმა.
– კარგია, რომ ბავშვები ასეთ ხელოვნებას ეუფლებიან და მათ სათავეში ქეთევან მანელიშვილი უდგას, ის საგუნდო შემოქმედებაში კორიფეა, არაჩვეულებრივი ბავშვებიც ჰყავს, საკმაოდ საინტერესოდ მუშაობს და ამ გუნდის მოსმენა ყოველთვის სასიამოვნოა. ასევე, სასიამოვნო იყო გიორგი ჩხარტიშვილის გუნდის მოსმენა, ეს შედარებით ახალი გუნდია, მაგრამ გიორგი დიდი პროფესიონალია და საქმეს ძალიან კარგად აკეთებს. მჯერა, რომ ისინი დიდ წარმატებებს მიაღწევენ. თუმცა, მათ პირველი ჯილდო უკვე მიიღეს – აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაისაკუთრეს, – თქვა ქორმაისტერმა რუსუდან ბერიძემ.
– გუნდი მესამე წელია, რაც შეიქმნა. სამ თვეში კონკურსზე გავიყვანე და მეორე ადგილი ავიღეთ, არ მოველოდი, რომ ასე სწარაფად სიმღერას სამ ხმაშიც შეძლებდნენ. გამოცდილების მისაღებად გავიყვანე კონკურს-ფესტივალზე და მათ „ჟიურის სიმპათიის“ პრიზი დაიმსახურეს. გუნდში 6-7 წლის ბიჭები მღერიან. დღევანდელი მათი გამოსვლითაც კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, მაყურებელსაც მოეწონა, – გვითხრა გიორგი ჩხარტიშვილმა.
მანანა ძიძიშვილი