სამთავრობო ცვლილებები – გელაძე – სუსის უფროსად, თამაზაშვილი – შს მინისტრად, მდინარაძე ვიცე-პრემიერად ინიშნებიან
By

სამთავრობო ცვლილებები – გელაძე – სუსის უფროსად, თამაზაშვილი – შს მინისტრად, მდინარაძე ვიცე-პრემიერად ინიშნებიან

საქართველოს მთავ­რო­ბა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბია. როგორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სტრუქ­ტუ­რას და­ე­მა­ტე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე და მას, ასევე, დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა (მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2025 წლის 3 სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. გეკა გელაძეს კი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2025 წლის 28 მაისიდან ეკავა). შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი გახდება, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება. მთავრობის მეთაურმა მამუკა მდინარაძეს, გეკა გელაძეს და სულხან თამაზაშვილს გაწეული საქმიანობისა და მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ მამუკა მდინარაძეს მოუწია, ჩამოშორებოდა პოლიტიკურ საქმიანობას. ახალი პოზიციიდან ის დაუბრუნდება პოლიტიკურ საქმიანობას, რაც გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს მთავრობა პარლამენტს ხვალამდე წარუდგენს. გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტი მომავალ სასესიო კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღოს. მინდა, მამუკა მდინარაძეს გადავუხადო მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, მისი ხელმძღვანელობით სამსახურში განხორციელდა სისტემური რეფორმები, ჩატარდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალური ოპერაცია, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით იყო ძალიან წარმატებული ამ თვეების განმავლობაში სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებით წარმატებული იყო სამსახურის საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ყველაფრისთვის მინდა, მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 21 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა გეკა გელაძეს. „გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, მომავალ სასესიო კვირაში აირჩიოს ბატონი გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მინდა, ხაზი გავუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მიღწევებს ამ თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს შეეხება ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრ სხვა მიმართულებას და აქაც ხაზი მინდა გავუსვა იმ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინდა, გეკა გელაძეს გადავუხადო მადლობა და წარმატებები ვუსურვო ახალ პოზიციაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ, ასევე, ხაზი გაუსვა სულხან თამაზაშვილის წარმატებულ საქმიანობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე.
„ბევრი კუთხით მოწესრიგდა მმართველობის საკითხები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბევრი ცვლილება განხორციელდა, ბევრ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ეს ყველაფერი განხორციელდა სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით და მადლობა მას ყველაფრისთვის. მას ძალიან კარგად იცნობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ის არის ამ სისტემის სტაჟიანი წარმომადგენელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე დასახელდება.

საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის თქმით, განახლებულ სამთავრობო სტრუქტურაში ძალოვანი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია სახელმწიფოს დასაცავად კიდევ უფრო გაძლიერებულია. „გლობალური დაპირისპირებების გამწვავება სახეზეა. უშიშროებასთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოწვევები არის საკმაოდ სერიოზული. პატარა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, ამ გამოწვევების წინაშე ნაკლები რესურსებით არიან წარმოდგენილნი, მაგრამ ეს უნდა იქნეს დაკომპენსირებული კარგი ორგანიზაციული რესურსით, რომელიც მამუკა მდინარაძეს აქვს. პოლიტიკური პოსტიდან ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. არსებობს ეკონომიკური ბლოკი, საერთაშორისო ურთიერთობათა ბლოკი, განათლების საკითხები. ამ მთლიან თემებს პრემიერ-მინისტრი წარმატებით ართმევს თავს. ყოველ შემთხვევაში, შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ წარმატებით ართმევს თავს. თუმცა ნაწილი, რომელიც ეხება ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაციას და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას, კიდევ უფრო გაძლიერებულია ამ სამთავრობო სტრუქტურაში. ასე რომ, შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო მიღებული. რაც შეეხება პროცედურას, ბიუროზე შემოვა ეს საკითხი და მთავრობაში შესაბამისი დადგენილების თაობაზე პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი მიესალმება იმ საკადრო ცვლილებებს, რომელიც სუს-ის ხელმძღვანელად გეკა გელაძის გადაყვანას და შსს მინისტრად სულხან თამაზაშვილის დანიშვნას გულისხმობს. „პრემიერის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძლიერი გადანაცვლებაა. ეს ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუციების კიდევ უფრო გაძლიერებას და იმ სისტემის სრულყოფას, რამაც ქართველი ხალხი დაიცვა და არეულობას გადაარჩინა. მამუკა მდინარაძე ამ ყველაფერს თავს კარგად გაართმევს. მან უფრო პოლიტიკის და საჯარო სივრცეში გადმოინაცვლა. მამუკა მდინარაძე იყო დანაკლისი, როცა ის აქტიური პოლიტიკური ფიგურა აღარ იყო, როცა სუს-ს ხელმძღვანელობდა. ეს ჩვენი გუნდისთვისაც კარგი ცვლილებაა. ალბათ, პრემიერის ეს ცვლილებები ნაკარნახევი იყო იქიდან, რომ სამართალდამცავ უწყებებს კოორდინაცია სჭირდება, რასაც ალბათ მამუკა მდინარაძეზე უკეთ ვერავინ გააკეთებდა. მამუკა მდინარაძე პოლიტიკურ და საჯარო ასპარეზს უბრუნდება, სადაც დიდი უპირატესობა აქვს. პოზიცია, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, გაცილებით დიდი მასშტაბისაა, ვიდრე აქამდე იკავებდა. მას ის უფლებამოსილება გაუფართოვდა, რომელსაც აქამდე ახორციელებდა“, – განაცხადა წილოსანმა.

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სხვა შეხედულება აქვთ ოპოზიციური ალიანსის წევრებს. მათი შეფასებით, აღნიშნული „საკადრო კარუსელი“ ივანიშვილის რეჟიმის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა.
„საკუთარი მავნე განზრახვების განსახორციელებლად, რეჟიმს სასიცოცხლოდ სჭირდება თავის წიაღში სტაბილურობა, თუმცა ეს სტაბილურობა მისთვის შეუძლებელ ამოცანად იქცა: სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს. ამ მდგომარეობამდე ავტოკრატი ოლიგარქი ქართული საზოგადოების უწყვეტმა და გაუტეხელმა წინააღმდეგობამ მიიყვანა. არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკა, საერთაშორისო სანქციებთან ერთად, რეჟიმს ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას არ აძლევს „ქართულ ოცნებაში“ ნდობის კრიზისი ღრმავდება. ოპოზიციის ალიანსი გააგრძელებს არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკას მანამდე, სანამ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საყრდენს ბოლომდე არ გამოვაცლით და მიტაცებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხის სამსახურში არ დავაბრუნებთ. ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება კანონის უზენაესობის და სამართლიანობის დამკვიდრება, გათელილი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს შეუქცევადი დაბრუნება ევროატლანტიკური განვითარების ისტორიულ გზაზე. 26 მაისს, 19:00 საათზე, მსვლელობა თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე!“ – წერია ალიანსის მიმართვაში.

სულხან თამაზაშვილის ძალოვან უწყებაში დაბრუნების შემდეგ, ვინ დაიკავებს რეგიონული ხელისუფლების ხელმძღვანელის თანამდებობას, ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია. მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად განიხილება ზურაბ პატარაძე, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებს. პატარაძე აჭარის მთავრობას უკვე ხელმძღვანელობდა 2016-2018 წლებში. არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად ამ პოსტზე კიდევ რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. საუბარია ,,ხალხის ძალის” დეპუტატ ზაალ მიქელაძეზე. ის წლების განმავლობაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იყო. თამაზაშვილის შემცვლელად კიდევ რამდენიმე კანდიდატურა სახელდება. საუბარია თორნიკე ფაღავაზე, ლევან დიასამიძესა და რამაზ დოლიძეზე.

 

მოამზადა ხატია იაშვილმა

  • No Comments
  • აპრილი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *