საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა დღეს განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 14:00 საათზე, ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვას განაახლებს.
პროცესის განახლებამდე სასამართლო „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობაზე იმსჯელებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, პლენუმი დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პირების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების, მოწმის სახით გამოკითხვას ითვალისწინებს. ამის შემდეგ პროცესი არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა.
სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე სასამართლოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებია. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.
პარლამენტის 88 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე სასამართლომ ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ესენია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“; „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.