საავტომობილო გზები – მოსახლეობის სამსახურში
By

საავტომობილო გზები – მოსახლეობის სამსახურში

ხულოს რაიონის ტერიტორიაზე გამავალი ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებით,  ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებით დაინტერესდა.

ხულო–ზარზმის მონაკვეთზე ამ ეტაპზე ავტობუსის მოსაცდელების მშენებლობა, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების ამოყვანა მიმდინარეობს.  მეწყრულ მონაკვეთებზე ფერდების გამაგრება, ჭაბურღილების ბურღვა-მოწყობა და საყრდენი კედლების მშენებლობა გრძელდება. აღნიშნული გზა  აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას და ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს დაახლოებით 1.5 საათით შეამცირებს. სამუშაოების დასრულება წელს იგეგმება.

ზურაბ პატარაძე ასევე, გაეცნო დანისპარაული-ველათი-მწვანე ტბის მიმართულებით მიმდინარე 6.2-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. პროექტის დასრულების შემდეგ, განახლებული გზა სოფელ დანისპარაულს ახლო მანძილით მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან დააკავშირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტიორების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, გზებზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, აჭარის  საავტომობილო გზების  დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე,  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე,  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე გაეცნენ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *