რუსული პროპაგანდის არსი და ევროპული ღირებულებები
დასავლეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, აცნობიერებენ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს, რაც გამოიხატება არა მხოლოდ უხეშ, არამედ ე.წ. რბილი ძალის ქმედებებში, რასაც რუსეთი ახლო სამეზობლოში გავლენის მოპოვებისა და განმტკიცებისთვის ახორციელებს. რა არის რუსული პროპაგანდის არსი, გაცნობიერებულია თუ არა საქართველოს მოსახლეობა დასავლურ ღირებულებებში და ევროპული იდეა რამდენად თანხვედრაშია ქართულ იდეასთან? ამის თაობაზე გვესაუბრება პოლიტოლოგი გელა ირემაძე.
– ყველაზე ძლიერ სად მოქმედებს რუსული პროპაგანდა?
– ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ რუსული პროპაგანდა გაძლიერებულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რასაც თავისი მიზეზები აქვს. მაგალითად, მოლდოვა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზას ადგას, თუმცა აქ ხელისშემშლელი ფაქტორია რუსული პროპაგანდის გავლენა, რაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში სკეპტიციზმს იწვევს. ეს ამ რამდენიმე ხნის წინათ ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმაც ცხადყო, პროდასავლურმა მმართველმა პარტიამ მხოლოდ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ხარჯზე შეძლო ოპოზიციის დამარცხება. სამწუხაროდ, მოლდოვის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ანტიევროპულადაა განწყობილი, რის შესახებაც ჩვენ სხვა დროს დეტალურად ვისაუბროთ.
– რა მიგაჩნიათ რუსული პროპაგანდის ხელშემწყობ ფაქტორებად და რა უნდა მოიმოქმედონ ამ მიმართებით სახელმწიფოების მთავრობებმა?
– თანამედროვე სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ჰიბრიდული ომი. საერთოდ, ჰიბრიდული ომის მეთოდებს რუსეთი, რამდენიმე ათეული წელია, აქტიურად იყენებს, ბოლო პერიოდში კი მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული. აუცილებელია ხელისუფლება და საზოგადოება უფრო გააქტიურდნენ ამ გამოწვევის დასაძლევად. როდესაც საზოგადოება ინფორმირებულია რუსეთის ქმედებების შესახებ, მაშინ ჰიბრიდული ომის მეთოდები ნაკლებად ეფექტურია.
– რუსული პროპაგანდა, ცხადია მეტამორფოზას განიცდის საქართველოში…
– წლების განმავლობაში თვალნათლივ ვხედავთ, რომ თუ არჩევანის შეცვლა არ ხდება რუსეთის სასიკეთოდ, ეს უკანასკნელი ყოველთვის ძალისმიერ მეთოდებზე გადადის. ასე მოხდა, როცა ევროკავშირსა და ნატოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიეღო. ეს 2008 წლის აგვისტოს ომმაც დაადასტურა. რაც შეეხება რუსული პროპაგანდის ცვლილებას და გაძლიერებას, დამოკიდებულია მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე, ისინი ამძაფრებენ პროპაგანდას საჭიროების მიხედვით. აქ საუბარია არა კონკრეტულ ნაბიჯებზე, მაგალითად, დეოკუპაციაზე, არამედ, უბრალოდ, გვეუბნებიან, რომ საქართველო არ უნდა იყოს დასავლეთთან!
– გაცნობიერებულია თუ არა ქართული საზოგადოება დასავლურ ღირებულებებში?
– საბოლოოდ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ რაც არ უნდა აქტიური იყოს მასმედია, მეტი სჭირდება საზოგადოებას და ეს ყოველთვის ასეა. მედია, გარკვეულწილად, ცდილობს საზოგადოების ინფორმირებას, თუ რას ნიშნავს დასავლეთი და აქ არ არის საუბარი იმ მითებზე, თითქოს ევროპა გარყვნილია და ა. შ. ამ მხრივ, ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე მთავარი, მაინც შედეგია. აღნიშნული კუთხით არასახარბიელო იქნება, საქართველოს ვიზალიბერალიზაციას თუ შეუჩერებენ, ეს რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს, რასაც იმედია, დასავლეთში აცნობიერებენ.
– სხვათა შორის, რუსული დისკურსის მომძლავრება ნაწილობრივ დასავლეთის ქმედებებმაც ხომ არ განაპირობა?
– წლების განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა საახალწლო საჩუქარივით ელოდებოდა ნატოში გაერთიანებას… აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2007 წელს საქართველოსთვის მაპი რომ მიეცათ, სავარაუდოდ რუსეთი საქართველოს მიმართ აგრესიას ვერ განახორციელებდა. აქედან გამომდინარე, ამჯერადაც, თუ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას გაგვიუქმებს, საქართველოში რუსული დისკურსი გაძლიერდება.
– მთავრობამ კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგას საზოგადოების სწორად ინფორმირებისთვის?
– ხელისუფლებამ, ასევე, პოლიტიკურმა პარტიებმა, ანალიტიკოსებმა საზოგადოებას დაწვრილებით უნდა აუხსნან, თუ რა სიკეთის მომტანია დასავლური კურსი ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის. ჩემი აზრით, საქართველომ ევროპულ კურსს არ უნდა გადაუხვიოს, მაგრამ ასევე, აუცილებელია, დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობა, რადგან მიუხედავად იმისა, ვიქნებით თუ არა ევროკავშირის წევრი, გეოგრაფიულად რუსეთი ჩვენი მეზობელი დარჩება და ამ რეალობას ვერსად გავექცევით. ამიტომაცაა საჭირო ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა. მაგალითად, როცა ვამბობ ურთიერთობის დალაგებას, აქ არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავი უნდა დახაროს და რუსეთის უაზრო მოთხოვნებს დათანხმდეს, არა, ამას არ ვგულისხმობ! ჩვენ უნდა ვეცადოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ქართული ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავის თავში უნდა გულისხმობდეს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას!
– რუსეთთან მიმართებით რისი დათმობა შეიძლება და რისი – არა?
– პირდაპირი საუბარი რუსეთთან ყოველთვის ძნელი იქნება, ის შეეცდება ჩვენს მოტყუებას, ამიტომ სჯობს, რუსეთთან არა ერთი-ერთზე საუბარი, არამედ შუამავალ ქვეყანასთან ერთად დიალოგის დაწყება, რათა არ აღმოვჩნდეთ მოტყუებულნი… ჩვენ გვახსოვს დიალოგი რუსეთთან, თუნდაც შევარდნაძის დროს და რა მივიღეთ? მოგვატყუეს ერთხელ! ორჯერ! ხელი მოგვაწერინეს კაბალურ ხელშეკრულებაზე და ბოლოს გაგვაერთიანეს დსთ-ში, სანაცვლოდ კი მოსკოვისგან სახეირო არაფერი მიგვიღია. მაშინ საუბარი საერთოდ არ იყო ნატოზე, ჩვენ მხოლოდ ვითხოვდით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. რუსეთმა ამაზე უარი თქვა, საქართველოს არცერთი სამართლიანი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, სამაგიეროდ, კრემლის მოთხოვნები არ შეცვლილა – უარი დასავლურ კურს და პრომოსკოვური პოლიტიკის გატარება. სამწუხაროდ, ვერც დასავლეთი გვპირდება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას, ვგულისხმობ იმას, რომ ამ მხრივ რეალური ზეწოლა უნდა განხორციელდეს რუსეთზე, რაც ჯერჯერობით არარეალურია, რადგან დასავლეთი ახლა რუსეთს უკრაინაში ებრძვის. იმედია, დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გასამარჯვებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები მისთვის სავალალო იქნება.
– რამდენად მკვეთრია განსხვავება დასავლეთსა და რუსეთს შორის?
– განსხვავება ძალიან დიდია, ევროპული ფასეულობები სულ სხვა პრინციპზეა აგებული, იქ მოქალაქის უფლებები დაცულია, რაც უნდა მიუღებელი იყოს მისი მსოფლმხედველობა, მრწამსი, პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია, საერთოდ ოჯახს დასავლეთში დიდი მნიშვნელობა აქვს… რუსული პროპაგანდა ცდილობს დაარწმუნოს პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომ დასავლეთი თითქოსდა ებრძვის ეროვნულობას. ევროპა დიდი ფიქრით, განსჯით მიდის უმცირესობის დაცვისკენ, ეს არის ლიბერალიზმის ტრადიცია ანუ უმრავლესობამ და უმცირესობამ უნდა ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა და თანაარსებობა, სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია ევროკავშირი და, ზოგადად, დასავლეთი.
ევროკავშირი არის ეკონომიკური ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს ქვეყნების განვითარებას, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე.
ლაშა ხომერიკი