როგორ უნდა აქციო იდეა რეალობად? – ახალგაზრდებისთვის მეწარმეობის ბანაკი გაიმართება
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროგრამის ფარგლებში, 18-22 სექტემბერს, სასტუმრო „LA QUINTA“-ში მეწარმეობის მიმართულებით ახალგაზრდებისთვის ბანაკი — „როგორ უნდა აქციო იდეა რეალობად?“ გაიმართება.
ბანაკის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, სამეწარმეო უნარებისა და ბიზნესიდეების რეალურ, პრაქტიკულ პროექტებად გარდაქმნის შესაძლებლობების განვითარებაა.
ხუთდღიანი პროგრამის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ბიზნესმოდელის შექმნის, მომხმარებლის საჭიროებების კვლევის, ფინანსური დაგეგმვისა და პროექტების მართვის თანამედროვე ინსტრუმენტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბიზნესიდეის სწორად ჩამოყალიბებასა და პრაქტიკაში მის განხორციელების გზებს.
მონაწილეები შეისწავლიან Business Model Canvas-ის ცხრა ძირითად კომპონენტს და გაეცნობიან გამართული ბიზნესმოდელის შექმნის პრინციპებს. ასევე, ისწავლიან ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ძირითად მექანიზმებს – სავაჭრო ნიშნებს, პატენტებსა და საავტორო უფლებებს.
ბანაკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საინვესტიციო პრეზენტაციის მომზადება და საკუთარი ბიზნესიდეის ეფექტიანად წარდგენაც იქნება.
პროგრამა ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრის ფორმატში წარიმართება და მინი-ლექციებს, გუნდურ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მენტორინგს გააერთიანებს. მონაწილეები გუნდებად იმუშავებენ რეალურ ბიზნესიდეებზე და ეტაპობრივად შექმნიან სრულყოფილ ბიზნესპროექტებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ბანაკი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში მეწარმეობრივი და ინოვაციური ხედვის ჩამოყალიბებას, ფინანსური და პროექტული დაგეგმვის პრაქტიკული უნარების განვითარებას, გუნდური მუშაობის გაძლიერებასა და იდეების რეალურ, მართვად პროექტებად გარდაქმნას.
ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთ-ერთ შემდეგ კრიტერიუმს: არიან საქართველოს მოქალაქეები და რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე; არიან აჭარის ტერიტორიაზე არსებული აკრედიტებული უმაღლესი, ზოგადსაგანმანათლებლო ან პროფესიული სასწავლებლის 18-29 წლის სტუდენტები ან მოსწავლეები.
შერჩევის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ხელის შემშლელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ამის შესახებ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს ღონისძიებამდე არანაკლებ ორი დღით ადრე აცნობოს. აპლიკანტი კონკურსში ვერ მიიღებს მონაწილეობას, თუ განაცხადი სრულად არ აქვს შევსებული.