პროექტი, რომელიც ბავშვებში ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს
By

პროექტი, რომელიც ბავშვებში ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო მასწავლებელთა მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას განაგრძობს. უწყების ინფორმაციით, 2026-2027 სასწავლო წლიდან რეგიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ,,ჩემი დამრიგებელი“ ამოქმედდება.
კომისიამ კონკურსის ფარგლებში შესული 243 საპროექტო განაცხადიდან დაფინანსებისთვის 100 პროექტი შეარჩია. პროექტები მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ბულინგის პრევენციასა და მშობელთა ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად.
100 გამარჯვებული პროექტის ავტორი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურ 250-ლარიან სახელფასო დანამატს მიიღებს.
ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი, საგანმანათლებლო ცენტრ ABF-ის ინკლუზიური მიმართულების მენტორი, ბათუმის მე-4 და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლების უფროსი სპეციალური მასწავლებელი ლალი ჯაფარიძე ერთ-ერთია მათგან, ვინც ამ კონკურსში გაიმარჯვა.

– მიხარია და ამაყი ვარ, რომ გამარჯვებულ პროექტებს შორის ჩემი პროექტიც – „ჩემი დამრიგებელი“ აღმოჩნდა. პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვებში პასუხისმგებლობის, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის უნარების განვითარებას, ასევე, გააძლიეროს სკოლაში ინკლუზიური, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა. მჯერა, რომ მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლისთვის, რადგან განათლებასთან ერთად, ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი და ერთმანეთი, აღმოაჩინონ და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა, მხარდაჭერა და განსხვავებულობის პატივისცემა. სწორედ ასეთი ინიციატივები უწყობს ხელს უფრო ემპათიური, აქტიური, თავდაჯერებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეების ჩამოყალიბებას. დიდი მადლობა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს და ქალბატონ მინისტრს მუდმივი ზრუნვისთვის, მხარდაჭერისთვის და ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების ხელშეწყობისთვის, რომლებიც ბავშვების განვითარებასა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.განსაკუთრებული მადლობა მე-4 საჯარო სკოლის დირექტორს, სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისას გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისა და ნდობისთვის. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის, ეს პროექტი ბავშვებს ეკუთვნით.
მჯერა, რომ ერთად ბევრ კარგ და სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ, ბევრ ბავშვს მივცემთ შესაძლებლობას, საკუთარი უნარები აღმოაჩინოს და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ სკოლას, სადაც თითოეული ბავშვი დაფასებული, მოსმენილი და მხარდაჭერილია. სხვანაირი შეგრძნებაა, როცა გამარჯვებულთა შორის საკუთარ სახელს კითხულობ, ეს არის სიხარულის, სიამაყის, მადლიერებისა და პასუხისმგებლობის ერთდროული განცდა. მადლობა ნდობისთვის, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. წინ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე გველის, – აღნიშნა ლალი ჯაფარიძემ.

მანანა ტაკიძე

  • No Comments
  • აგვისტო 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *