პრემიერი – დღეს ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე
By

პრემიერი – დღეს ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ბოდბის დედათა მონასტერში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის თითოეულ წევრს და თითოეულ სასულიერო პირს დედაეკლესიისა და სამშობლოს სიმტკიცეზე ზრუნვისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის თითოეულ წევრს და ასევე თითოეულ სასულიერო პირს. თითოეული თქვენგანის, თითოეული სასულიერო პირის ღვაწლი არის განსაკუთრებული, სწორედ თქვენ უფრთხილდებით ჩვენს დედაეკლესიას, თქვენ ზრუნავთ ჩვენი დედაეკლესიის და ჩვენი სამშობლოს სიმტკიცეზე. მადლობა თითოეულ თქვენგანს.
ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე. ამისათვისაც გვინდა, განსაკუთრებული მადლობა შემოგწიროთ. წმინდა გიორგი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, წმინდა ნინო ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიანობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და პატრიარქს ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
„წლევანდელი გიორგობა არის გამორჩეული ჩვენი ქვეყნისთვის. გიორგობას წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავზე აღვნიშნავთ. წლევანდელი გიორგობა გამორჩეულია იმითაც, რომ მას პირველად აღვნიშნავთ უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის ილია მეორის გარეშე. წლევანდელი წელი ძალიან რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, მრევლისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული შვილისთვის, თუმცა ამ განსაცდელს ჩვენი ხალხი და ეკლესიის მრევლი შეხვდა სიმტკიცით და ერთიანობით. გლოვასთან ერთად ეს დღეები იყო რწმენის გარშემო ერთიანობის ნამდვილი დღესასწაული.

წლევანდელი გიორგობა გამორჩეულია იმითაც, რომ უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი შიო მესამე წელს პირველად აღავლენს წირვას ამ გიორგობაზე. ბევრი ჩვენგანი, მრევლი შიშით უყურებდა ილია მეორის პატრიარქობის შემდგომ ეპოქას, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია იმით, თუ როგორი სიბრძნით და სიყვარულით უძღვება პატრიარქი შიო მესამე დედაეკლესიას და იმ ურთულეს მისიას, რომელიც მას დაეკისრა პატრიარქ ილია მეორის ანდერძით, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით და რაც მთავარია, უფლის ნებით. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა რიგითმა შვილმა, იმ ღვაწლისთვის, რომელსაც ის ეწევა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • No Comments
  • ნოემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *