პრემიერის განკარგულებით, 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში, 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2026 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულ ყველა პირველკლასელს მიეცემა შესაძლებლობა, დარგოს საკუთარი ნერგი და ჩაერთოს მის ზრდასა და განვითარებაზე დაკვირვების პროცესში.
როგორც პრემიერის განკარგულებაშია ნათქვამი, პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ მიზანია, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, ხელი შეეწყოს ტყისა და მწვანე სივრცეების აღდგენის ზრდის მხარდაჭერას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას და მდგრადი განვითარების პრინციპების დამკვიდრებას, ასევე, პროგრამის ძირითადი მიზნების ინტეგრირებას ქვეყნის გრძელვადიან გარემოსდაცვით, კლიმატის ცვლილებისა და ტყის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკასთან.
პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ჩართულობით, დასახლებულ პუნქტებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიებზე განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობები, სადაც დაიგეგმება გამწვანების ღონისძიებები.
ამასთან, როგორც მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, გარემო პირობების, კლიმატური სარტყელისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით მოხდება ნერგების სახეობების შერჩევა და განისაზღვრება დარგვის ოპტიმალური პერიოდები/ვადები.
მთავრობაში მიიჩნევენ, რომ პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მწვანე სივრცეების ზრდას; ჰაერის ხარისხისა და ადგილობრივი ეკოსისტემების მდგომარეობის გაუმჯობესებას; ნიადაგის დეგრადაციის პრევენციას; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და ბუნების მიმართ ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებას.
პროგრამას განახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით.