პატრიარქობის სამი კანდიდატი ექვსი პრეტენდენტიდან შეარჩიეს
საპატრიარქოში გუშინ გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე
სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი ექვსი პრეტენდენტიდან შეარჩიეს.
პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
ფარული ხმის მიცემის შედეგად, კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, შესაძლო კანდიდატთა შორის იყვნენ: წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი.
სამი კანდიდატიდან საბოლოოდ პატრიარქს გაფართოებული საეკლესიო კრება ფარული ხმის მიცემით შეარჩევს.
გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.
გაფართოებული საეკლესიო კრება 17 მაისამდე უნდა გაიმართოს.