ნოშრევან მამულაძე
ქვეყნის, რეგიონის ღირსეულთა რიგებს კიდევ ერთი ადამიანი, ცნობილი სახელმწიფო და სამეურნეო მოღვაწე გამოაკლდა – გარდაიცვალა ნოშრევან მახმუდის ძე მამულაძე. იგი დაიბადა 1948 წლის 9 მაისს, ხულოს რაიონის სოფელ კალოთაში, ოჯახში, სადაც 10 შვილი გაიზარდა. ნოშრევან მამულაძემ 1966 წელს წარჩინებით დაამთავრა ხიხაძირის საშუალო სკოლა და იმავე წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, რომლის წარჩინებით დამთავრებისთანავე მშობლიურ ხულოს დაუბრუნდა, ახალბედა ეკონომისტი ხალხის სამსახურში ჩადგა. 1971-1984 წლებში მან სახელმწიფო ბანკის ხულოს განყოფილების ინსპექტორად, ამავე რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროს ეკონომისტად, აჭარის ავტონომიური რასპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯერ უფროს ეკონომისტ-ფინანსისტად, შემდეგ კოლმეურნეობების საქმეთა მართვის განყოფილების უფროსად, საქართველოს კომპარტიის ხულოს რაიკომის სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ იმუშავა. 1984 წელს, უკვე კვალიფიციურ სპეციალისტს, სახალხო დეპუტატთა ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარედ აწინაურებენ. ამ თანამდებობებზე მუშაობისას მისი უშუალო ჩართულობით მნიშვნელოვანი გარდაქმნები მოხდა ხულოს სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგების – მეცხოველეობისა და მეთამბაქოეობის განვითარებაში.
მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილს, კარგად ესმოდა, მთიან რაიონში მცხოვრებ დედებს როგორი ამაგი მიუძღვით ოჯახისა და ქვეყნის წინაშე. ხულოში დედის დღის აღნიშვნა რომ წამოიწყეს, ორგანიზატორებს გვერდით დაუდგა. ნოშრევან მამულაძის როლი და ადგილი კარგად შეაფასა ხულოელმა ამომრჩეველმა და 1991 წელს მას მხარი დაუჭირა როგორც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატს. ნოშრევან მამულაძეს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
ბატონი ნოშრევანის თაობამ – წინა საუკუნის 80-90-იან წლებში ხულოს რაიონულ სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავეებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს სტიქიისგან დაზარალებული ოჯახების ხულოდან გაყვანისა და ქვეყნის სხვა რეგიონებში დამკვიდრებისთვის. მისი დამსახურებაც იყო, რომ აჭარის მთიანეთიდან გადასულებმა ქვეყნის რუკაზე 10-მდე ქართული სოფლის აღორძინებას დაუდეს სათავე. ამასთან, ნოშრევან მამულაძემ დიდი წვლილი შეიტანა მშობლიური ხულოს რაიონის სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლაში, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაში.
სიცოცხლისა და საზოგადოებრივი საქმიანობის ბოლო 20 წელი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში გაატარა. იქაც აქტიური ცხოვრებისეული პოზიციით გამოირჩეოდა. არჩეული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად, კომისიის თავმჯდომარედ. როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, თანადგომას არ აკლებდა აჭარის მთიანეთიდან ამ მუნციპალიტეტში გადასულებს. იყო უნარიანი, შემოქმედი და კომპეტენტური ხელმძღვანელი. პირდაპირობა, ობიექტურობა, თავმდაბლობა და უბრალოება მისი გამორჩეული თვისებები იყო. თანამშრომლებსა და მოსახლეობაში სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა.
საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობის პარალელურად იგი გვარისა და ღირსეული წინაპრების დანატოვარის, ოჯახის ტრადიციების ერთგულ დამცველად და გამგრძელებლად გვევლინებოდა. მეუღლე ნონა ბოლქვაძესთან ერთად სამშობლოს სამი შვილი გაუზარდა, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები არიან. მათგან ხუთ შვილიშვილსაც მოესწრო.
ქვეყანამ, საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა ნოშრევან მამულაძის ღვაწლი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აქვს მინიჭებული „საპატიო ხულოელის“ წოდება.
წავიდა ჩვენგან პიროვნება, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, ცოდნა, უნარი, შესაძლებლობები და გამოცდილება არ დაიშურა სამშობლოს, მშობლიური რაიონის კეთილდღეობისა და აღორძინებისთვის.
მისი საქმე და სახელი კარგი მაგალითია მომავალი თაობისთვის, რასაც დავიწყება არ უწერია. მის სახელს სამარადჟამოდ შეინახავს საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერისა. უფალმა სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს!
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია,
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო,
მამულაძეების საგვარეულო კავშირის გამგეობა