„ნამეფვარობა“ ახალ მასშტაბებს იძენს
2019 წლის მაისში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს ღირსეულმა შვილებმა სახალხო დღესასწაულს „ნამეფვარობას“ დაუდეს სათავე. ორგანიზატორებისა და ქედის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომით, სახალხო ზეიმი ახალ მასშტაბებს იძენს. მემატიანეებს თუ ვერწმუნებით, მეფეთა მეფე თამარი, სინოპის ციხის აღების შემდეგ, გამარჯვებულ ჯართან ერთად, მთა პერანგას გადავლით, ხინოწმინდაში მიბრძანდებოდა. ტერიტორია მოწონებია და ღამისთევით დაბანაკებულა. ტოპონიმი „ნამეფვარიც“ იქიდან მოდის.
შემოდგომის მზით გამთბარი მთა პერანგას შემოგარენი ახოელებმა და მათმა სტუმრებმა გააცოცხლეს. ზეიმს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიების წამყვანმა ლია მახარაძემ „ნამეფვარობის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეკრებილებს დღესასწაული მიულოცეს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ კოპლატაძემ .
ღონისძიება მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაალამაზეს ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ტრიომ, ცხმორისის კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა, უხუცესთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ფესვები“ და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.
– ამ ტერიტორიაზე ზაფხულს ახოელი მეცხოველეები და მათი სტუმრები ატარებენ. მათთან ერთად, ჩვენც მოვილხინეთ. მთა პერანგას შემოგარენი სამთო ტურიზმის განვითარებისთვის საუცხოო ტერიტორიაა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად ვმუშაობთ ახალი ტურისტული მარშრუტების ასათვისებლად. ამის შემდეგ, „ნამეფვარობა“ კიდევ უფრო მეტ დატვირთვას შეიძენს, – გვითხრა ქედის მერმა მამუკა თურმანიძემ.
თამაზ მგზავრიძე