მინისტრმა ქედაში ღვინის ლაბორატორია მოინახულა
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ქედის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ღვინის ლაბორატორიას ეწვია და ადგილზე გაეცნო მის საქმიანობასა და არსებულ მდგომარეობას.
ლაბორატორიაში ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელი პირები.

„ქედის ღვინის ლაბორატორია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების საქმეში. ადგილობრივ მეღვინეებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე მიიღონ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ლაბორატორიული მომსახურება, რაც ხელს უწყობს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას. მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორია აქტიურად ემსახურება როგორც ქედის, ისე სხვა მუნიციპალიტეტების მეღვინე ფერმერებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დარგის განვითარების შესაძლებლობებს აჭარაში“, – განაცხადა დენის სალუქვაძემ.

ლაბორატორიის ფუნქციონირებით აჭარის მევენახე მეღვინეებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე ჩაატარონ ღვინის ფიზიკურ-ქიმიური ანალიზები, რაც აუცილებელია პროდუქციის ხარისხის შეფასების, სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენისა და ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის.
გახსნის დღიდან ლაბორატორია აქტიურად ემსახურება მეღვინეებს. სეზონის განმავლობაში მომსახურებას საშუალოდ 50-60 მეღვინე ფერმერი იღებს.