მიზანი – მთის გაძლიერება
By

მიზანი – მთის გაძლიერება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ ღორჯომისა და დაბა ხულოს მოსახლეობას შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ ოჯახებსაც ესტუმრა. მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების და მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების შესახებ.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი მთის გაძლიერებაა, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია თითოეულმა ოჯახმა საკუთარ სოფელში შეძლოს წარმატებული ცხოვრება, დასაქმება და მეტი შემოსავლის მიღება.

„ძალიან თბილი შეხვედრა გამოგვივიდა მთიანეთში მოსახლეობასთან. კურორტი გოდერძი ნათელი მაგალითია იმის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მთაში ინვესტიციების მოზიდვას. ამ პროცესის პარალელურად, აქტიურად გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა სოფლების გაზიფიცირება, გზების მოწესრიგება და გარემოს დაცვა. მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტყესა და ბუნებრივ რესურსებს, რადგან სწორედ ტყის გაჩეხვა იწვევს ზვავსაშიშროებას და შესაბამისად, მასიურ მიგრაციას მუნიციპალიტეტებიდან. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს აჭარის მთიანეთიდან სხვა რეგიონებში გადასულების მიმართ. ჩვენ ერთად აუცილებლად ჩავალთ სამცხე-ჯავახეთში, წალკაში, კახეთში, ნასაკირალში, ზოტში – ყველგან შევხვდებით ჩვენს გადასულებს და ვაგრძნობინებთ, რომ აჭარის ხელისუფლება მათ გვერდითაა“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ხულოს მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზე და აღინიშნა, რომ ბეშუმის, მწვანე ტბის, შავი ტბისა და გოდერძის ალპური ბაღის პოპულარიზაციას სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

ზურაბ პატარაძის თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, რათა მეტი წარმატება და მეტი შესაძლებლობა შეიქმნას რეგიონის მოსახლეობისთვის.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • მაისი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *