მთავრობა არასრულწლოვნებისთვის სქროლის გამოყენების აკრძალვას გეგმავს
საქართველოს მთავრობა არასრულწლოვნებისთვის ორბორბლიან თვითგორიალაზე (ე.წ. სქროლზე) დგომის რეგულირებას გეგმავს. ამის შესახებ 2026 წლის პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მთავრობის მიერ წარსადგენი კანონპროექტების ჩამონათვალიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში.
2025 წლიდან შსს-მ სკუტერების მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის აღრიცხვა დაიწყო. გასულ წელს სულ აღირიცხა 106 შემთხვევა, რომელთა შედეგადაც 109 ადამიანი დაშავდა, ერთი ადამიანი კი დაიღუპა. 2026 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკის მიხედვით კი სულ აღირიცხა 28 ავტოსაგზაო შემთხვევა სკუტერის მონაწილეობით, რომელთა შედეგადაც 33 ადამიანი დაშავდა, 2 კი დაიღუპა.
ახალი ინიციატივის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მოკლე განმარტების ბარათის თანახმად, ცვლილება ძირითადად, არასრულწლოვნებს შეეხება და მათთვის კონკრეტულ რეგულაციებს განსაზღვრავს, თუმცა განმარტებით ბარათში დაგეგმილი რეგულირების ზუსტი მოდელი აღწერილი არაა.
როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი: „ბოლო პერიოდში საგზაო მოძრაობაში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების აქტიურმა გამოყენებამ გამოავლინა მათი უსაფრთხო გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს არასრულწლოვანთა მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საკითხიც, რაც მოქმედი სამართლებრივი რეგულირების შემდგომი დახვეწის საჭიროებას განაპირობებს.
საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დაცვასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას“.