მარკ რუტე – რუსეთი ჩვენს საფრთხედ რჩება
„რუსეთი ჩვენს ამჟამინდელ და გრძელვადიან საფრთხედ რჩება. ის თავისი ბიუჯეტის 40%-ს თავდაცვაში ინვესტირებას ახდენს და სამხედრო აღჭურვილობას 24 საათის განმავლობაში აწარმოებს“, – ამის შესხებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი სწრაფად სწავლობს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომიდან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ, უკრაინა არა მხოლოდ მტკიცედ დგას, არამედ ყველას ახსენებს პრინციპების ძალას.
„უკრაინა არა მხოლოდ მტკიცედ დგას, არამედ ყველას გვახსენებს პრინციპების ძალას, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ღირს, ყველანაირი სირთულის მიუხედავად“, – აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით, ნატოს ანკარაში დაგეგმილ სამიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.
„პრეზიდენტი ზელენსკი ანკარაში შემოგვიერთდება და მას და ყველა უკრაინელს ვაჩვენებთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია, პრეზიდენტ პუტინს კი შევახსენებთ, რომ არსად მივდივართ“, – აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით, ნატო სწავლობს მნიშვნელოვან გაკვეთილებს უკრაინელების საბრძოლო გამოცდილებიდან, განსაკუთრებით, დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით.
„ეს არის საფრთხე, რომლის წინაშეც ყველანი ვდგავართ და აქ არავის აქვს უკრაინაზე უკეთესი გამოცდილება. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას. ჩვენი უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებულია. უკრაინამ აჩვენა, რომ რუსეთის აგრესია მას ვერ შეაკავებს“, – აღნიშნა რუტემ.