მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს საზღვაო შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური
By

მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს საზღვაო შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური

„საპორტო სექტორის მაჩვენებლები პიკურ ზღვარს აღწევს, თუმცა, სანავსადგურე პროცესების ოპტიმიზაციისა და მართვის მოდელების გაუმჯობესების ფონზე, ნავსადგურები გაზრდილ ტვირთნაკადებს ეფექტურად უმკლავდებიან“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან სანავსადგურე სექტორის შესაძლებლობების სრულად ათვისების მიზნით.
„საქართველოს საზღვაო შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური. ანაკლიას ე.წ. ლენდლორდ მოდელით ვავითარებთ, რაც აბალანსებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესებს და ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, პორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს, საწყისი წლიური გამტარუნარიანობით – არანაკლებ 600 ათასი TEU და დაახლოებით 10 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი. პროექტში სახელმწიფო 700 მილიონ აშშ დოლარს დააბანდებს, კერძო სექტორის ინვესტიციებით კი ეს ციფრი 1.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
„ინფრასტრუქტურა მხოლოდ ერთი კომპონენტია. შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შეთანხმებული განრიგები, გამარტივებული პროცედურები და თავსებადი ციფრული სისტემები. ჩვენ მზად ვართ, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორთან ერთად ვიმუშაოთ, რათა შუა დერეფანი იყოს ერთი, უწყვეტი, ეფექტიანი და საიმედო მარშრუტი. ჩვენი საზღვაო სექტორის ერთ-ერთი მთავარი რესურსი ადამიანური კაპიტალია. დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ როცა 2012 წელს, მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ზრდის ერთ-ერთი საფუძველი 2012 წლიდან მთავრობის მიერ საზღვაო განათლებაში განხორციელებული 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა.
„დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის, ევროკავშირი“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *