„მან ზურგში დანა თავად ჩაირტყა და ამას რაც მალე გააცნობიერებს, უკეთესი იქნება“
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ყოფილი პრემიერი წერს, რომ „ზურგში დანა“ მას ხელისუფლებამ ჩაარტყა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ღარიბაშვილი იმ ნარატივს აჰყვა, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, „რადიკალური ოპოზიცია“ ავრცელებს.
შარმანაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ღარიბაშვილის განცხადებას და ამბობს, რომ ხელისუფლებას მისთვის „ზურგში დანის ჩარტყმა“ არ დასჭირვებია, რადგან ყოფილი პრემიერის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი ქონების კანონიერებაზე პასუხი თავად ღარიბაშვილმა უნდა გასცეს.

„სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ნარატივში ჩაჯდა, რაც ე.წ. რადიკალურმა ოპოზიციონერებმა შემოგვთავაზეს. ზურგში დანა როგორ ჩავარტყით, მასთან სახლში ხუთი მლნ დოლარი შევიტანეთ, 100 ათას დოლარზე ნაკლები რომ არცერთი ღირდა, ის საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, შემდეგ ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?“ – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტული დანაშაული აღიარა.
„მან ზურგში დანა თავად ჩაირტყა და ამას რაც მალე გააცნობიერებს, უკეთესი იქნება. პოლიტიკური დევნა როგორ არის? კონკრეტული დანაშაული აღიარა. რომც არ ეღიარებინა, ჩხრეკის დროს სახლში ისეთი რაღაცები აღმოაჩნდა, რომლის კანონიერების გამართლება ვერ შეძლო. ზურგში დანა როგორ ჩავარტყით, როცა სახლში ისეთი რაღაცები უპოვეს, რაც ნიშნავს, რომ თვითონ ჩაირტყა დანა?“ – აღნიშნა შარმანაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მორიგ პოსტს მოჰყვა. ღარიბაშვილმა დაწერა: „მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები, მე საქართველოს ვემსახურები, ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით“.