მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრა რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და შუა დერეფნის განვითარებას შეუწყობს ხელს
By

მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრა რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და შუა დერეფნის განვითარებას შეუწყობს ხელს

ბათუმში ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ამ ფორმატში პირველი შეხვედრის საქართველოში გამართვა რეგიონებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი გზავნილია. მინისტრის შეფასებით, საერთაშორისო გარემოს სწრაფი ცვლილების ფონზე, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების როლი იზრდება, ხოლო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სივრცის განვითარებისთვის, რეგიონულ პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„ერთობლივი ძალისხმევით ნამდვილად შეგვიძლია, გავაძლიეროთ რეგიონული კავშირები, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ქვეყნებს ისტორიული მეგობრობა, საერთო ეკონომიკური ინტერესები და ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების საერთო მიზანი აერთიანებთ.
ბოჭორიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ ეს მარშრუტი ცენტრალურ აზიას სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის გავლით ევროპასთან აკავშირებს. მისი განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ კავშირის განვითარებასა და სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოებაში.
„შუა დერეფნის სრული პოტენციალის გამოყენება ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესია. ამისთვის აუცილებელია მჭიდრო კოორდინაცია, განვითარებული ინფრასტრუქტურა და ძლიერი პოლიტიკური ნება, რისი გამოვლინებაც იყო სწორედ დღევანდელი შეხვედრა“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, რეგიონული თანამშრომლობა მხოლოდ ეკონომიკითა და ტრანსპორტით არ შემოიფარგლება. არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნდობის გაძლიერება, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა და ხალხებს შორის კავშირების გაღრმავება. მაკა ბოჭორიშვილმა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა, რამაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ახალი საფუძველი შექმნა. ივლისში კი სტრატეგიული პარტნიორობა უზბეკეთთან გაფორმდა, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში.
მინისტრმა ასევე, აღნიშნა თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ივლისში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტის მნიშვნელობა, რომელმაც პოლიტიკური დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ახალი შესაძლებლობები შექმნა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ყირგიზეთსა და ტაჯიკეთთან ურთიერთობების მიმართულებითაც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთს მიმდინარე წლის ივნისში ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ტაჯიკეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხითაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.
„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალობად ვაქციოთ. სწორედ ამ საერთო ინტერესებს ეფუძნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონების დაახლოებაში და ახალი შესაძლებლობების შექმნაში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცენტრალური აზიის ქვეყნების კოლეგებს ბათუმში შეხვედრაში მონაწილეობისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ახალი ფორმატი ქვეყნებსა და რეგიონებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
მისი შეფასებით, მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო წარმოაჩენს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების პროცესში, რომლის მნიშვნელობაც თანამედროვე საერთაშორისო ვითარებაში სულ უფრო იზრდება.

  • No Comments
  • ოქტომბერი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *