ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა
By

ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

ქართველ რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს ლევან კოღუაშვილს კინემატოგრაფიაში გამორჩეული შემოქმედებითი ხედვისა და კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია 23-24 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა.
„ოქროს გლობუსის“ ინფორმაციით, ნოვატორის ჯილდო გადაეცემათ ხელოვანებს, რომელთა გამორჩეულმა შემოქმედებითმა ხედვამ და ნამუშევართა ერთობლიობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში.

„მოხარული ვართ, პატივი მივაგოთ ხელოვანთა ამ გამორჩეულ ჯგუფს, რომელთა ნამუშევრებიც ასახავს ცენტრალური აზიისა და კავკასიის კულტურის სიღრმეს, შემოქმედებითობასა და თხრობის თავისებურ ტრადიციებს. კინოს, ტელევიზიისა და ხელოვნების სფეროებში შეტანილი ინდივიდუალური წვლილით თითოეულმა მათგანმა ხელი შეუწყო რეგიონის ისტორიებისა და შემოქმედებითი ხმების გაცნობას როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის აუდიტორიისთვის. მოუთმენლად ველით ტაშკენტში მათი მიღწევების აღნიშვნას“, – განაცხადა „ოქროს გლობუსის“ პრეზიდენტმა ჰელენ ჰენემ.
Silk Road Tribute Gala-ზე ლევან კოღუაშვილთან ერთად, ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის გამორჩეული ხელოვანებიც დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი მამუკა ბლიაძე ესწრებოდა.
ლევან კოღუაშვილმა საერთაშორისო აღიარება ისეთი ფილმებით მოიპოვა, როგორებიცაა „მეოთხე ბრაიტონი“, „ქუჩის დღეები“, „ბრმა პაემნები“ და „გოგიტას ახალი ცხოვრება“. მისმა ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ ტრაიბეკას კინოფესტივალზე საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის ჯილდო მიიღო.
რეჟისორის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის უახლეს ნამუშევარს „გურიას“, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის რიგით 99-ე „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს სახელით წარადგინა. ფილმი 2026 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზეც იყო წარდგენილი.
ლევან კოღუაშვილის საერთაშორისო აღიარება ქართული კინოსთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართველი კინემატოგრაფისტების შემოქმედებით შესაძლებლობებს მსოფლიო ასპარეზზე. თითოეული ქართველის წარმატება არა მხოლოდ პირადი მიღწევაა, არამედ შესაძლებლობა, მსოფლიოს კიდევ უფრო უკეთ გავაცნოთ საქართველო, მისი კულტურა და შემოქმედებითი პოტენციალი, გავაფართოოთ საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ახალი პერსპექტივები გავხსნათ ქვეყნისთვის.

  • No Comments
  • ოქტომბერი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *