ლაშა აბაშიძე – საქართველოს რკინიგზამ 230 მლნ ლარზე მეტი დაზოგა
„საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები სტაბილური და თანმიმდევრული ზრდის ტენდენციას აჩვენებს, რაც კომპანიის საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებით არის განპირობებული“, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე აღინიშნა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილმა თანხებმა 230 მლნ ლარს გადააჭარბა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კომპანიის წმინდა მოგება 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 30%-მდე გაიზარდა. იმავდროულად, საქართველოს რკინიგზის საოპერაციო მოგების მარჟა 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 25%-დან 36%-მდე გაუმჯობესდა.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის შემოსავლები. 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით, მეორე ნახევარში 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2026 წლის პირველი 4 თვის მონაცემები 2025 წლის იმავე პერიოდთან მიმართებით, 15%-ით არის გაზრდილი.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ფინანსური მდგრადობის განმტკიცებას და ეფექტურობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას, რაც ქვეყნის სატრანსპორტო სექტორის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
„საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯები შევამცირეთ, მოვახდინეთ საკადრო ოპტიმიზაცია, გადავხედეთ გაფორმებულ ხელშეკრულებებს და თანხები ამ მიმართულებითაც დავზოგეთ, კომპანიისთვის საკმაოდ ნაყოფიერი წელი გვქონდა“, – განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.
ლაშა აბაშიძის განმარტებით, წლის განმავლობაში არაერთი სტრატეგიული ცვლილება განხორციელდა. გაუქმდა იჯარა 400 ერთეულ ვაგონზე, ხოლო გვირაბების სამუშაოებზე დაზოგილმა თანხამ დაახლოებით 13 მლნ ლარი შეადგინა. გარდა ამისა, დამყარდა პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოს რკინიგზასა და საკონტეინერო გადაზიდვების ტვირთმფლობელებს შორის.
ჩინეთთან, ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, გაციფრულდა სერვისები და სასაზღვრო პროცედურების დრო შემცირდა 7.5-ჯერ (15-დან 2 სთ-მდე).
საქართველოს რკინიგზის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები ლაშა აბაშიძემ სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ ღონისძიებაზე მთავრობის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა.