„კულტურა მთაში“ – ხულოს დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ოქროს გასაღების საიდუმლოება“ წარმატებით გაიმართა
10 ივნისს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის ,,კულტურა მთაში” ფარგლებში, იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის -,,ოქროს გასაღების საიდუმლოება” (ა. ტოლსტოის მიხედვით) საპრემიერო ჩვენება გამართა, რომლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორი მანანა ხელაიაა. დამდგმელი მხატვარი – გიორგი გოგიტიძე, კომპოზიტორი – მინდია ხითარიშვილი, ქორეოგრაფი – თამარ ბერიძე, რეჟისორის თანაშემწე კი ნინო მუხაშარიაა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მარიკა ბულეიშვილი, ვანო მაღლაკელიძე, თედო ტუღუში, ირინე ღლონტი, რევაზ ხოფერია, ქეთევან სამხარაძე, მანანა გოგიტიძე და ირმა მგელაძე.
სპექტაკლმა პატარა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება და ხანგრძლივი ოვაცია დაიმსახურა. სიუჟეტი ბურატინოს დაუვიწყარ და საინტერესო თავგადასავალზე მოგვითხრობს. რეჟისორი აქ ყურადღებას ამახვილებს მეგობრობის, ნდობის, პასუხისმგებლობისა და ურთიერთთანადგომის მნიშვნელობაზე. შერეული ფორმატის წარმოდგენაში მსახიობები სხვადასხვა ტიპის თოჯინებით მუშაობენ ცოცხალი პლანის მსახიობებთან ერთად.
პროექტი „კულტურა მთაში“ ხორციელდება აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით და მისი მიზანია მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული ავთენტური კულტურის დაცვა-განვითარება, შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება და კულტურული პოტენციალის გაზრდა.
– აჭარის კულტურის მინისტრის, ქალბატონ ელისო ბოლქვაძის ინიციატივით შეიქმნა პროექტი „კულტურა მთაში“, რომელიც აერთიანებს მუნიციპალიტეტების სხვადასხვა ანსამბლსა და ჯგუფებს, რისი მიზანიც აჭარის უფრო მეტად წარმორჩენაა, ქვეყნის კულტურულ რუკაზე. პროექტის ფარგლებში, ბათუმის თოჯინების თეატრმა სპექტაკლი ,,ოქროს გასაღების საიდუმლოება“ გამართა. ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩაიარა, ემოციური და ძალიან კარგი სანახავი იყო, ზღაპრულ გარემოში დაგვაბრუნა დიდებიც. მაყურებლები, ძირითადად, მოსწავლეები იყვნენ, რომლებმაც დიდი სიამოვნებით ნახეს სპექტაკლი. იყო ძალიან კარგი ჩართულობა. კულტურის სამინისტროს სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თოჯინების თეატრს ჩართულობისთვის, საოცარი თანამშრომლობისთვის და წარმატებები ვუსურვო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ხულოს დრამატულ თეატრს მუდმივი მხარდაჭერისთვის, მადლობა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას, ხულოს რესურსცენტრს, სკოლებს და ყველა იმ მხარდამჭერს, რომელიც ჩართულია ამ მნიშვნელოვან პროექტში, – გვითხრა პროექტის „კულტურა მთაში“ კოორდინატორმა ნანო შაინიძემ.
– „კულტურა მთაში“ ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული პროექტია, რომლის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურის სამინისტროს. პროექტის ფარგლებში, მაყურებელს წარვუდგინეთ სპექტაკლი „ოქროს გასაღები“. მოხარულები ვართ, რომ პატარა მაყურებელმა სპექტაკლი დიდი ინტერესითა და სითბოთი მიიღო, რაც ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა სალომე ჯიჯავაძემ.
ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის პიარმენეჯერი მარეხ ტუღუში.
მარიამ ხითარიშვილი
გალერეა

