კონფერენცია 10 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
აჭარის მუზეუმში, წყალქვეშა არქეოლოგიის საერთაშორისო კონფერენციის DEGUWA-ს ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.
„პოსეიდონის სამფლობელოში“ – კონფერენცია წელს ამ სახელწოდებით ტარდება.
კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 70-მდე დელეგატი მონაწილეობს, რომლებიც შავიზღვისპირეთის წყალქვეშა არქეოლოგიის მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და კვლევით შედეგებს ერთმანეთს უზიარებენ.
ღონისძიების მიზანია შავიზღვისპირეთის წყალქვეშა არქეოლოგიის სფეროში მიღწევებისა და არსებული პერსპექტივების წარმოჩენა, ასევე, საერთაშორისო პროფესიული დიალოგის გაღრმავება და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია თემატური მოხსენებები, დისკუსიები და გამოცდილების გაზიარება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული სფეროს განვითარებას როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.