კობახიძე – საკადრო ცვლილებებზე
„საკადრო ცვლილებების მთავარი მიზანი სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინაციის გაძლიერებაა“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, უწყებებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის ერთობლივად გადაწყვეტა, რაც უფრო მჭიდრო და სისტემურ თანამშრომლობას საჭიროებს. პრემიერის განმარტებით, ბოლო თვეებში კოორდინაციის ეფექტიანი პრაქტიკა უკვე არსებობდა, თუმცა, ეს პროცესი ფორმალურად არ იყო გამყარებული.
„საკადრო ცვლილებების საფუძველი მარტივია – საჭიროა კიდევ უფრო ძლიერი და მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითი გვქონდა ბოლო პერიოდში, მათ შორის მაშინ, როცა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ გამოწვევებს ვუმკლავდებოდით. მიუხედავად ამისა, კოორდინაცია არ იყო ფორმალიზებული. ახლა გვაქვს შესაძლებლობა, ეს პროცესი უფრო სისტემურად და ეფექტიანად გავაგრძელოთ. ყოველდღიურად ბევრი საკითხია, რომელიც ერთობლივ მუშაობას მოითხოვს და ბუნებრივია, ყველა პროცესზე პირადად კონტროლი შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ახალი თანამდებობის შემოღება არის პრაქტიკული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა პრემიერმა.