„კლასიკური კონცერტები – ბათუმში“
By

„კლასიკური კონცერტები – ბათუმში“

ახალი პროექტი – საერთაშორისო ფესტივალი „კლასიკური კონცერტები – ბათუმში“, გუშინ გაიხსნა და 24 აპრილს დაიხურება.

4 დღის განმავლობაში ფესტივალი მრავალფეროვან მუსიკალურ საღამოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უმაღლესი რანგის მუსიკოსთა მონაწილეობით უმასპინძლებს.

ფესტივალი აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. მისი მიზანი საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება, რეგიონის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.

ფესტივალის გახსნას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დიპლომატები, მოწვეული სტუმრები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები ესწრებოდნენ.

გუშინდელ კონცერტს „კლასიკური ჰარმონია“ ერქვა.

მსმენელის წინაშე ცნობილი ფრანგი პიანისტი ელენ მერსიე და ახალგაზრდა ვირტუოზი, 25 წლის მევიოლინე დანიელ ლოზაკოვიჩი წარსდგნენ, რომლებმაც თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმით მოხიბლეს მაყურებლები.

– ბათუმში კლასიკური მუსიკის საღამოები ხშირად ტარდება, მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული, დახვეწილი, გემოვნებიანი, გამორჩეული შემსრულებლებით წარმოდგენილი კონცერტი. იშვიათია ასეთი პროფესიონალების მოსმენა. გაოცებული ვარ. მადლობა კულტურის სამინისტროს და პირადად ელისო ბოლქვაძეს, ასეთი გემოვნებიანი მუსიკის შემოთავაზებისთვის, ქალაქში ასეთი შესანიშნავი დღეების მოწყობისთვის, – აღნიშნა ქორმაისტერმა ქეთევან მანელიშვილმა.

– ეს იყო არაჩვეულებრივი საღამო ბრწყინვალე მევიოლინეთი, ძალიან კმაყოფილები ვართ, ველოდებით კიდევ სხვა საღამოებსაც, – გვითხრა მუსიკისმცოდნე ლია ხარებავამ.

– დღევანდელი საღამოთი აღფრთოვანებული ვარ, ჭეშმარიტ ხელოვნებას, მაღალი ხარისხის მუსიკას ვეზიარეთ, რომელიც სრულიად ახალგაზრდა, ამომავალმა ვარსკვლავმა , 25 წლის მევიოლინემ წარმოადგინა. მას აკომპანირებას უკვე ცნობილი პიანისტი უწევდა. მათ ურთულესი და მრავალფეროვანი პროგრამის შესრულებით დაგვატკბეს… ბათუმმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას მაღალგემოვნებიანი მსმენელი ჰყავს, რომელსაც გააჩნია სწორად შეფასების უნარი, – გვითხრა მუსიკოსმა ნატო ორაგველიძემ.

– ძალიან გვინდოდა ჩამოსვლა და გვიხარია, რომ ეს მოხერხდა. დარბაზში არაჩვეულებრივი მსმენელი იყო, მადლობა მას. მადლობა ყველას გულთბილი მიღებისთვის, ასეთი ემოციებისთვის, – აღნიშნა ფრანგმა პიანისტმა ელენ მერსიემ.

– უმაღლესი კლასის პროფესიონალები ჩამოვიდნენ ბათუმში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ელენს, რომელიც განსაკუთრებით უწყობს ხელს ახალგაზრდებს. მან ახალგაზრდა მევიოლინე დანიელ ლოზაკოვიჩთან ერთად ისეთი პროგრამა წარმოადგინა, ისეთი ელიტარული, რომელსაც იშვიათად ასრულებენ, რადგანაც ძნელი დასაკრავია. მადლობა ორივეს არაჩვეულებრივი საღამოსთვის და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ კონცერტის ორგანიზებაში, – თქვა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.

დღეს მსმენელის წინაშე საღამოზე – „ქართულ-იტალიური მუსიკალური დიალოგი“ იტალიელი ხელოვანები – დირიჟორი დამიანო ტოგნეტი და ბანდონეონი ფაბიო ფურია წარსდგებიან. ხვალ ბათუმელი მსმენელი ახლოს გაეცნობა და მოისმენს ანატოლიის ლირიკულ მემკვიდრეობას, რომელსაც თურქი მუსიკოსები დილრუბა ბილგი (სოპრანო), ჯანერ აკგუნი (ბარიტონი), ფუგენ იგიტგილი (ფორტეპიანო) შემოგვთავაზებენ.

ფესტივალის ბოლო დღეს კი  კლასიკური მუსიკის მოყვარულები „ჯადოსნურ მოცარტს“ ბათუმის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრის, დირიჟორ დავით მუქერიას ხელმძღვანელობით და პიანისტ ალესანდრო მარანგონის შესრულებით მოისმენენ.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • აპრილი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *