კანონპროექტი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის
პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა. კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე საუბრისას მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო პაკეტი 5 კანონპროექტისგან შედგება და მოიცავს რამდენიმე მიმართულებას. მისი განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება, ასევე, ფალსიფიკაციისგან დაცვა და ხარისხის იმ დონეზე უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია გლობალურ ბაზრებზე დღევანდელი კონკურენციის პირობებში. ცვლილების თანახმად, ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას, ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული ალკოჰოლიანი სასმლის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ემატება. ასევე, სააგენტოს უფლებამოსილებად განისაზღვრება ღვინის კომპანიაში ალკოჰოლიანი სასმლის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის და სპირტის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვა და საქართველოში წარმოებული, შიდა და გარე ბაზრებისთვის განკუთვნილი, აგრეთვე, საქართველოში იმპორტისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტის და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის სერტიფიცირება. როგორც მომხსენებელმა განმარტა, ღვინის მსგავსად, აკრძალვა გავრცელდება საქართველოში დროებით შემოტანილი ყურძნის ტკბილის შიდა გადამუშავების რეჟიმში მოქცევის მიმართ. მისი თქმით, მორიგი ნოვაცია, რომელიც ცვლილებებით გათვალისწინებულია, ეხება „სახელმწიფო ენოთეკის“ ცნების შემოღებას. ცვლილების თანახმად, რეგულირებას დაექვემდებარება სახელმწიფო ენოთეკასთან დაკავშირებული საკითხები, დადგინდება სახელმწიფო ენოთეკის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის შესაბამისი კრიტერიუმები და განკარგვის წესი.
კანონპროექტით ზუსტდება ტერმინის – „ბუნებრივი ღვინის“ განმარტება და ბუნებრივი ღვინისთვის ნებადართული ოპერაციების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.