კაია კალასი – სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული ხედვა აქვს და ერთიანი პოზიციის მიღწევა უკიდურესად რთულია
ევროკავშირი ისრაელის წინააღმდეგ სანქციებს არ ამკაცრებს, რადგანაც ამ საკითხზე წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
„ჩვენ არ გვაქვს ერთიანობა. მუდმივად მესმის კითხვა: „რატომ გაქვთ ერთიანი პოზიცია რუსეთისა და უკრაინის საკითხზე, მაგრამ არა ისრაელის შემთხვევაში?“ ამის ისტორიული მიზეზები არსებობს: სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული ხედვა აქვს და ერთიანი პოზიციის მიღწევა უკიდურესად რთულია“, – თქვა კალასმა.
ინტერვიუს დროს იმ ქვეყნების მაგალითად, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ემხრობიან, ჟურნალისტმა დაასახელა ირლანდია, ესპანეთი და სლოვენია. ამის საპასუხოდ კალასმა აღნიშნა, რომ ამ პოზიციას მხოლოდ ეს სამი სახელმწიფო არ იზიარებს და „მეტი ქვეყანა მოითხოვს უფრო მკაცრ ზომებს“.
კალასის თქმით, ევროკომისია უახლოეს პერიოდში ისრაელის წინააღმდეგ ახალ ზომებს წარადგენს, თუმცა, მისი შეფასებით, „მათი დამტკიცება, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება“.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ასუსტებს ასეთი ვითარება ევროკავშირს, კალასმა უპასუხა, რომ „ეს იმედგაცრუებას იწვევს“.