იური მეჩითოვი: შეიძლება ადამიანი ისეთი ნიღბით დაიჭირო, რომელიც მას ყველაზე უკეთ განასახიერებს
By

იური მეჩითოვი: შეიძლება ადამიანი ისეთი ნიღბით დაიჭირო, რომელიც მას ყველაზე უკეთ განასახიერებს

ჩვენი სტუმარია საქართველოს სახელოვანი ფოტოხელოვანი და პედაგოგი იური მეჩითოვი. იგი ფოტოგრაფიამ ბავშვობიდანვე გაიტაცა, რამაც, სულ მალე, მისი პროფესიული გზაც განსაზღვრა – 1972 წელს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა ფოტოგრაფად კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დაიწყო. მისი ცხოვრების დიდი ნაწილიც სწორედ კინოხელოვნებას დაუკავშირდა. პირველი პერსონალური გამოფენა თბილისის „კინოს სახლში“ 1979 წელს მოაწყო. ამავე წელს, სერგო ფარაჯანოვის ცხოვრების ამსახველ ფოტოსერიაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც კინორეჟისორის სიკვდილამდე, 1990 წლამდე გაგრძელდა. 12 წლის მეგობრობის განმავლობაში გადაღებული ფოტოები იური მეჩითოვმა ალბომების სახით გამოსცა. დღეს იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ლექციებს კითხულობს რამდენიმე ინსტიტუტში. მონაწილეობა აქვს მიღებული 50-ზე მეტ ჯგუფურ გამოფენაში და ამ დრომდე 20-ზე მეტი პერსონალური გამოფენა გაუმართავს.
ბატონო იური, როდის გაგიჩნდა ფოტოგრაფობის სურვილი?
– იცით, მე ძალიან გვიან გავხდი ფოტოგრაფი, პირველად ფოტოაპარატი 8-9 წლის ასაკში დავიჭირე, თუმცა ჩემი ფოტოგრაფობა, ძირითადად, ტექნიკურმა პროგრესმა განაპირობა. მოგეხსენებათ, ისეთი პერიოდი იყო, ახალ-ახალი მანქანების გამოჩენაც უკვირდა ხალხს. 1961 წელს ადამიანი კოსმოსში გაფრინდა. . . ეს ტექნიკური წინსვლა მაშინ აღიქმებოდა როგორც კაცობრიობის დიდი მონაპოვარი. ახლა ჩვენ ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებთ, ვიცით, რომ ტექნიკურ პროგრესს აქვს დადებითი და საკმაოდ უარყოფითი მხარეებიც. მაშინ ეს სულ სხვაგვარი გატაცება იყო, ფოტოაპარატს ვიყენებდი, როგორც ფიქსაციის საგანს. მას ხომ ტვინი არ აქვს, გრძნობა არ აქვს, ის მხოლოდ აფიქსირებს, თუმცა შეგიძლია შექმნა რაღაც ისეთი, რაც ვიღაცას აღაფრთოვანებს იმ შემთხვევაში, თუ იცი ფოტოგრაფიის ენა. მე არც ენა ვიცოდი, არც ხელოვნებად ვთვლიდი ფოტოგრაფიას საკმაოდ დიდხანს. პირველი გამოფენა მხოლოდ 29 წლის ასაკში გავმართე 1979 წლის აპრილში და გამოგიტყდებით, ძალიან გამიჭირდა ეს. ჩემმა მეგობარმა მარკ პოლიაკოვმა, რომელიც ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს, მითხრა, შენ იღებ კადრებს და გიხარია, რომ კარგი გამოდის, მაგრამ არ ანიჭებ შენს გადაღებას ხელოვნების ხარისხს, ხელოვნებით კი არ ცხოვრობ, უბრალოდ, გიხარია, რომ რაღაც გამოგივიდაო, ეს სულ სხვადასხვა რამააო. იცით, ჩამრჩა ტვინში ეს სიტყვები და შემდეგ სწორედ ამან მიბიძგა გამოფენის მოწყობისკენ. წარმოიდგინეთ, 20 წელი ვიღებდი სურათებს და რეალურად, გამოფენისთვის, არაფერი მქონდა. 15 სურათი ძლივს მოვაგროვე, რომელიც გამოფენისთვის, ძალიან ცოტა იყო. შემდეგ კიდევ გადავიღე რაღაც კადრები, მეგობრებიც დამეხმარნენ და ასე შედგა ჩემი დებიუტი კინოს სახლში. სწორედ ამის შემდეგ დატრიალდა რაღაც ჩემში. საქმე იმაშია, რომ მანამდე კინოთი ვიყავი დაკავებული. კინოს ვიღებდი და მეგონა, რომ ამით უნდა მეთქვა რაღაც სათქმელი, მაგრამ იქ ძალიან მწირი საშუალებები მქონდა – მაშინდელი დასაქოქი კამერა და ა.შ., თუმცა 1977 წელს, მარკთან ერთად, მაინც გადავიღე ფილმი, რომელიც 40 წლის შემდეგ, შარშანწინ ვაჩვენე ესპანეთში – ქალაქ გრანადაში. დიდი ოვაციები და აპლოდისმენტები დაიმსახურა. 1980 წელს ფოტოგრაფად დავიწყე მუშაობა, არადა, სპეციალობით სამთო ინჟინერი ვარ, 1972 წელს ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე და ვმუშაობდი კიდევაც მაღაროში. ხუთი წელი ვიმუშავე საპროექტოში, მაგრამ არ შემეძლო განსაზღვრულ საათებში – 9-დან 6-მდე მუშაობა, ეს არ იყო ჩემი. მას შემდეგ გავხდი პროფესიონალი ფოტოგრაფი, თუმცა ახლაც არ მაქვს, არცერთი საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ ფოტოგრაფი ვარ (იცინის), თუმცა ეს საბუთები გაცემული მაქვს სხვებისთვის, ვინც ჩემთან სწავლობს.

– რა არის კარგი პორტრეტის მთავარი საიდუმლო?
– მე მაქვს ფოტოგრაფიის სკოლა, სადაც ამას ვასწავლი და წიგნიც გამოვეცი. იგი ერთ-ერთი პირველი ქართული სახელმძღვანელოა, სადაც ვამბობ, რომ მთავარია გადაღების ობიექტთან ურთიერთობა. თუ ურთიერთობაა, ტექნიკური აღსრულება მხოლოდ ბოლო 5-7%-ია ამ პროცესის. ახლახან ფოტოპორტრეტის გამოფენა გავაკეთე, რომლისთვისაც ასეთი შესავალი დავწერე – „ყველა ადამიანს აქვს ნიღაბი და ეს ნიღბები იცვლება. ერთი ნიღაბი აქვს ცოლთან, მეორე საყვარელთან, მესამე ქვეშევრდომთან, უფროსთან, მეგობართან. . . რომელს იღებ შენ? რატომაა, რომ პორტრეტი ზოგჯერ ათიანში არტყამს, ესე იგი შეიძლება ადამიანი ისეთი ნიღბით დაიჭირო, რომელიც მას ყველაზე მეტად განასახიერებს“. ეს ზოგჯერ გამომდის, თუმცა ყველაფერი ხდება ურთიერთობის შედეგად. მაქვს ძალიან საინტერესო და უცნაური პროექტი – ეროტიკული ფოტოგრაფია, რომელზეც 25 წელი ვმუშაობდი. ამ პროცესში ყველაზე რთული და საინტერესო ზუსტად ურთიერთობა იყო, რადგან იმ ხალხს უნდოდა, წარმოჩენა იმ ფორმით, როგორითაც ღმერთმა გააჩინა.
– არის თუ არა ფოტო უფრო ეფექტური, როცა დაგეგმავია?
– ზოგჯერ კი. სხვათა შორის, დაუგეგმავი პორტრეტი მსახიობ გია ბადრიძეს გადავუღე, არც იცოდა, ისე, შემთხვევით მოხდა და შემდეგ ვაჩუქე. ძალიან გაუხარდა, ჩარჩოში ჩასვა. . . წლების შემდეგ, როცა გარდაიცვალა, დიდუბის პანთეონში მისი დაკრძალვისას რომ შევიკრიბეთ და ხალხი სიტყვით გამოდიოდა, მიცვალებული კი უკვე აღარ ჰგავდა იმ გია ბადრიძეს, რომელსაც ვიცნობდით, მახსოვს, ყველა იმ პორტრეტს მიმართავდა, რომელიც მე გადავუღე. იცით რამხელა რამ იყო ეს ჩემთვის? მივხვდი, რომ ადამიანის იერი შევქმენი. წარმოიდგინეთ, ვაჟა ფშაველასთვის სურათი რომ არ გადაეღოთ, რამდენი რამ დაგვაკლდებოდა. შოთა რუსთაველის პორტრეტად ხომ მხოლოდ ნახატი გვაქვს, ჩვენ გვინდა, წარმოდგენა მაინც გვქონდეს, ვინ იყო ეს დიდი რუსთველი, რომლის არც სახელი ვიცით ზუსტად და არც გვარი. სწორედ ის ნახატი იღებს ისეთ ხასიათს, რომელიც უკვე ერის მეხსიერებაში მკვიდრდება. . . ვიზუალური სტერეოტიპია. ახლა რომ ფილმი გადაიღო რუსთაველზე და არ გამოიყენო მისი წარმოდგენით შექმნილი პორტრეტი, არაფერი გამოგივა. პორტრეტი ყველაზე საინტერესო რამაა. საკუთარ თავს პორტრეტისტად მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჟანრში მაქვს შესრულებული ნამუშევრები. მე ადამიანი მიყვარს, ყველა თავისი სიგიჟით, ეს სიგიჟე კი ღირსებად მიმაჩნია (იცინის).
ოგორ გაიცანით სერგო ფარაჯანოვი, გვითხარით თქვენი პირველი შთაბეჭდილების შესახებ. . .
– უცნაური ის არის, რომ გავიცანი არა იმით, რომ მისი ფილმები ვნახე. ჩვენ ვცხოვრობდით ისეთ დროს, როცა ვერ ნახავდი ფილმს. არ იყო იუთუბი, გუგლი, და ასე შემდეგ. მეგობარმა მითხრა, სერგო ციხიდან განთავისუფლდა, ძალიან კარგი ადამიანია და ეგებ ვნახოთო. მაშინ ვმუშაობდი პროფკავშირთან არსებულ კინოლაბორატორიაში, სადაც კინოს გადაღებას ვასწავლიდი და, რა თქმა უნდა, თავადაც ვიღებდი. სერგო დავპატიჟეთ, რომ ჩვენი ფილმი გვეჩვენებინა, სხვანაირად ურთიერთობა როგორ უნდა შემდგარიყო? ვაჩვენეთ ფილმი, რომელიც თურმე მისი სკოლის ისტორიის მასწავლებელზე გადაგვიღია, ძალიან მოეწონა. ამის შემდეგ დავმეგობრდით. როცა მივხვდი, ვინ იყო ეს კაცი, დავინახე, როგორ მოქმედებდა და აზროვნებდა, როგორ იღებდა ფილმს, გავაცნობიერე, რომ გენიოსი იყო. სწორედ სერგოს გაცნობის შემდეგ დავიწყე არა მხოლოდ კადრის დაჭერა, არამედ მისი დადგმა. ახლაც, სულ ვეუბნები ჩემს სტუდენტებს – მართეთ ობიექტი! ურთიერთობა დაამყარეთ მასთან. სხვათა შორის, ჩემი პროვოკაციული მიდგომებიც მაქვს – ვაწვები ხოლმე ადამიანს ისეთ რაღაცაზე, რაც მდგომარეობიდან გამოიყვანს და ისეთ მდგომარეობაში ჩააგდებს, რომელიც უფრო გამოხატავს მის არსს (იცინის).

როგორ შეიცვალა საქართველო თქვენს ფოტოებში წლების განმავლობაში?
– იცით, მე გავაკეთე ოთხი წიგნი – „თბილისი – 80-იანები“, მაშინ ძალიან ბევრს ვიღებდი და მივხვდი, რომ დღეს ასეთ თბილისს ვეღარ გადავიღებ. ის თბილისი მორჩა, რადგან მანქანებმა დაიკავეს ადამიანების ადგილი. ცხადია, მაშინაც იყო მანქანები, მაგრამ იმდენი, რომ ქუჩა დაეფარათ – არ ყოფილა. ახლა ქუჩებს ვეღარ გადაიღებ, იქ რომ ოხრად არ ეყაროს ეს მანქანები. შენ ხომ მხატვარი არ ხარ, რომ არ დახატო. . . ხალხიც შეიცვალა, იცით? მაშინ ხალხს საბანკო ვალი არ აწუხებდა, სამუშაო კი ყველას ჰქონდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად იყო, ცხადია, ძალიან ბევრი სირთულეც იყო, მაგრამ მოვიდოდა ზაფხული და ყველა ფიქრობდა – სად დავისვენოთ? ახლა ასეთი აზრიც არ მიჩნდება (იცინის).
საბჭოთა პერიოდსა და დღევანდელობას შორის რა არის ყველაზე თვალსაჩინო განსხვავება?
– ახლა რომ მითხრას ვინმემ, გადაიღე თბილისი და აი, შენ მილიონი ლარიო, შეიძლება თავი შევიკავო. ვერ გადავიღებ, ვერ შევძლებ. ვერ ვაჩვენებ იმ ქალაქს ისეთს, როგორიც სხვებს წარმოუდგენიათ. მგონი, ბათუმშიც ეს პრობლემაა.
ფიქრობთ, რომ ფოტოგრაფი ისტორიის მატიანეა?
– ყველა არა. ახლა ჩვენ ამ ინტერვიუს ჩემი მეგობრის – სეირან ბაროიანის ფოტოგამოფენაზე ვიწერთ და ვთვლი, რომ ის ნამდვილად მემატიანეა. შეყვარებულია თავის მხარეზე და მთელი ცხოვრება ამას ემსახურებოდა. ვუთხარი კიდევაც, ასლან აბაშიძე რატომ არ არის გამოფენილი-მეთქი? მისი დრო ჯერ არ მოსულაო. . . ადამიანი უკვე წავიდა და მისი დრო როგორ არ მოსულა-მეთქი? (იცინის).
როგორ შეიცვალა ფოტოგრაფის მნიშვნელობა ციფრულ ეპოქაში და თქვენ როგორ მოერგეთ ამ სიახლეებს?
– ერთხელ მკითხეს – იურა, შენც გადახვედი ციფრულზეო? ვუპასუხე: – მე დაქორწინებული ვარ გამოსახულებაზე და არა მის მატარებელზე. მატარებელი შეიცვალა, მაგრამ გამოსახულება, რომელსაც მე ვეტრფი და მიყვარს – დარჩა. რა თქმა უნდა, რთული პროცესი იყო. მახსოვს, ფირის აპარატები გამიფუჭდა, უკვე ციფრული აპარატების დრო მოდიოდა და არ მქონდა შესაბამისი ტექნიკა. მაშინ გაზეთში ვმუშაობდი და ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო, რადგან „მაიმუნური“ ფოტოაპარატები გვქონდა (იცინის). 2001-2002 წლები იყო და ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. 2004 წელს გამოვიდა „სონი 828“, რომელმაც მაშინ გარღვევა მოახდინა. ამით უკვე შემეძლო, რაღაც მეკეთებინა. მართლაც, რთული აღმოჩნდა ციფრულ ეპოქაში გადასვლა და ახლაც რთულია, თუმცა ახლა ფსიქოლოგიურადაა რთული, რადგან უამრავი კადრი შეგიძლია გადაიღო და არ იფიქრო იმაზე, რამდენს იღებ, რას იღებ. როცა ფირზე იღებდი, გეხარჯებოდა და იმდენად ძვირი სიამოვნება იყო, ეკონომია გიწევდა. ამას თურმე დიდი მნიშვნელობა აქვს. ადრე უფრო მედიტაციური იყო გადაღების პროცესიც, უფრო ყურადღებით და პასუხისმგებლობით ეპყრობოდი ყველაფერს. ახლახან მეგობარი მეკითხებოდა, ამ მეგაბაიტებსაც ზოგავო? მართლაც, რადგან ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს, განა ვზოგავ, როცა ვიღებ, მგონია, რომ რაღაც მეხარჯება მაინც, ჯერ კიდევ იმ დროში ვარ, ბებერი ვარ (იცინის).
თუ მხოლოდ ერთი ფოტო უნდა დაგრჩეთ მთელი თქვენი შემოქმედებიდან, რომელს დაიტოვებდით?
– ალბათ, ორ სურათს შორის იქნებოდა ჭიდილი, ერთი 9 აპრილზეა, რომელზეც ქალბატონი ნანა მახარაძეა გამოსახული და მეორე – სერგო ფარაჯანოვის ნახტომი, რომელშიც „იკონური“ სიტუაციაა. ეს არის სინამდვილეში ფოტოგრაფიის არსი, როცა შენ წამში „მოარტყამ“ რაღაც კადრს. ორივე ეს კადრი წამშია დაჭერილი, იმ წამში, რომელიც მნიშვნელოვანია. ერთი საქართველოს ტკივილს ასახავს, მეორე – საქართველოს თავისუფლებას. ჩემთვის სერგოს ეს ნახტომი თავისუფალი ადამიანის ზეობაა. ამ დაკნინებულ, გაუბედურებულ და უუფლებო ადამიანებს ზემოთ დაფრინავს იგი.

რომ არა ესფერო, რომელ პროფესიაში იმუშავებდით სიამოვნებით?
– ეს კითხვა სულ მიტრიალებს გონებაში და სულ ვფიქრობ, ვინ ვიქნებოდი? მე მგონი, ვერაფერს გავხდებოდი. ღმერთმა მომცა ეს შესაძლებლობა და ვუმადლი ჩემს მეგობრებს, ამხანაგებს, ვინც გზაზე დამაყენა. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ გვერდით მყავდა ის ხალხი, ვინც მაგულიანებდა, მწნეხავდა, როცა საჭირო იყო. ახლა მე ვიქცევი ასე ჩემს სტუდენტებთან. მინდა, ოდესმე მათაც თქვან, რომ თუ რამეს მიაღწიეს, ეს იური მეჩითოვის დამსახურებაა, მან დამაყენა ამ გზაზეო.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • აპრილი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *