ირაკლი ფავლენიშვილი: ეს დანაშაულები უკვალოდ არ ჩაივლის და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება
By

ირაკლი ფავლენიშვილი: ეს დანაშაულები უკვალოდ არ ჩაივლის და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასა და მასში ასახულ მოთხოვნებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი განზრახვები ჰქონდათ, ხოლო მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ დადგება.
ფავლენიშვილის თქმით, 21-ე საუკუნეში ძალადობის, წამებისა და სხვა დანაშაულების დაუსჯელად დატოვება დაუშვებელია.
„ამის შესახებაც ვაფრთხილებდით ამ ადამიანებს – არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში, ქვეყანაში, სადაც ყველა საუბრობს და ყველა შეთანხმებულია, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, შეგრჩეს ყველა ტიპის ძალადობა, წამება და სხვადასხვა ტიპის დანაშაული. ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, გაიგო, რომ ეს იყო „ოცნების“ მიერ გამიზნული პროვოკაცია, როდესაც მათ ჭიშკარი დააზიანეს და, ასე ვთქვათ, „სიურპრიზზე“ ისაუბრეს, თითქოს ამ სიურპრიზის მოსაწყობად ემზადებოდნენ. სინამდვილეში, აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსაც და პროტესტში მონაწილე ადამიანებსაც მშვიდობიანი განზრახვები ჰქონდათ. ეს დასავლეთშიც კარგად იციან და შესაბამისი განცხადებებიც კეთდება. მით უმეტეს, პაატა ბურჭულაძე საქართველოს სავიზიტო ბარათია და მისი ციხეში ყოფნა ნამდვილად სამარცხვინოა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მომხდარი დანაშაულები სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩება.
„ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ის დანაშაულები, რომლებსაც ივანიშვილის რეჟიმის მსახურები სჩადიან, უკვალოდ არ ჩაივლის და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ითხოვს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *