ირაკლი კობახიძე : შემდეგ 10 წელიწადში საქართველოს რკინიგზაში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ჩაიდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 30 %-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის წლიური წმინდა მოგება, რაც მისივე განმარტებით, გულისხმობს იმას, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სულ მცირე, 40 მლნ ლარით მეტი ექნება რკინიგზას შემოსავალი.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შემდეგი 10 წლის განმავლობაში, საქართველოს რკინიგზაში, ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ჩაიდება. „ის შედეგები, რაც უკვე გვაქვს საქართველოს რკინიგზაში მეტყველებს იმაზე, რომ სწორი მიდგომის პირობებში შესაძლებელია, ძალიან სწრაფად მივაღწიოთ ფუნდამენტურ შედეგებს. კერძოდ, თუ სწორად ვებრძვით კორუფციას, ნეპოტიზმს და თუ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით, შედეგი შეიძლება დადგეს ძალიან სწრაფად. ამის საუკეთესო მაგალითია საქართველოს რკინიგზა,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს წარმატებული რეფორმების განხორციელებისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, რომლის ზედამხედველობითაც, ხელმძღვანელობითაც წარიმართა ეს პროცესები საქართველოს რკინიგზაში, ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძეს, სწორედ, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ეს რეფორმები და ცვლილებები. მადლობა მათ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია, შემდეგი 10 წლის განმავლობაში გადაიდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადაიყვანს საქართველოს რკინიგზას,“- განაცხადა პრემიერმა.