ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია
By

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა და პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს.
„საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა და პირდაპირი გასასვლელი შავ ზღვაზე, ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს. ამას გარდა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს შესაძლებლობას უქმნის, რომ გლობალურ მიწოდების ჯაჭვებს დაუკავშირდნენ. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმებებით ჩვენ შევქმენით ქსელი, რაც დაახლოებით 2.3 მილიარდი მომხმარებლისგან შემდგარ ბაზარზე წვდომას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პრემიერმა. მან ასევე, ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაზეც. „როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ჩვენ აქტიურად ვაყალიბებთ ინოვაციებზე ორიენტირებულ და ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური საწარმოების განვითარებას უწყობს ხელს. მსოფლიოში არსებული გაურკვეველი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-თან შეფარდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებს შორის და 2021–2025 წლებში საშუალოდ მშპ-ის 6 პროცენტს აღემატებოდა. ეს კი ქვეყნის ზრდის პოტენციალის მიმართ ინვესტორთა ნდობაზე მეტყველებს. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების პერსპექტივას ასევე, ამყარებს მსხვილი და მრავალწლიანი საინვესტიციო პროექტების დაწყება სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და უძრავი ქონება. თუმცა, წარმატების ნამდვილი საზომი ის არის, თუ როგორ აუმჯობესებს ეს ყველაფერი ადამიანების ცხოვრებას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *