ირაკლი კობახიძე: მჯერა, ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი
By

ირაკლი კობახიძე: მჯერა, ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი

ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული ღვინის განვითარების, ხარისხის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრების გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართული მეღვინეობა დღეს უკვე ძლიერი და თანამედროვე ინდუსტრიაა, რომლის საექსპორტო არეალი ბოლო ათწლეულში ორჯერ გაიზარდა და ქართული ღვინო მსოფლიოს 70 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. მისივე თქმით, 2025 წელს ექსპორტირებულია 90 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რომლის ღირებულებამ 268 მილიონ დოლარს მიაღწია და ეს დინამიკა წელსაც ნარჩუნდება.
პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მცირე და საოჯახო მარნების განვითარებაზეც. მისი განცხადებით, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად, მათ პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანა შეძლეს.
„ჩვენი მეღვინეობა დღეს მძლავრი და თანამედროვე ინდუსტრიაა. ბოლო ათწლეულში, ჩვენი მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად, საექსპორტო გეოგრაფია გაორმაგდა და დღეს ქართული ღვინო უკვე 70 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. სახელმწიფო პოლიტიკამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ისიც, რომ მწარმოებლების რაოდენობა თითქმის 30-ჯერ გაიზარდა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ საქმეში ახალი თაობა ერთვება. დღეს საქართველოში 3 ათასამდე რეგისტრირებული მარანი და კომპანიაა, რაც აძლიერებს ჩვენს რეგიონებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცირე და საოჯახო მარნების ნაწილში, რომლებმაც, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად, პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლეს.
სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ხარისხის განუხრელი ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მიზანია, მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს, როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, რომელიც 8000-წლიან ტრადიციას მუდმივი განვითარებით აგრძელებს.
მჯერა, ჩვენი, სახელმწიფოს, მევენახეთა და მეღვინეების ერთიანი ძალისხმევით, ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • No Comments
  • მაისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *