ირაკლი ზარქუა: ოპოზიციაში სრული აჯაფსანდალი აქვთ, ერთმანეთს ვერ იტანენ და ქიშპობენ, ახალგაზრდებს კი იყენებენ
„ოპოზიციაში ერთმანეთის ჩაძირვას ცდილობენ, რადგან მეორესთვის პირველი მიუღებელია, ლუზერია. ბელადისთვის, სააკაშვილისთვის დანარჩენები ურეიტინგოები არიან, ახლა კრემებისა და „მაზის“ რეკლამირების ოსტატი ჟორჟოლიანი გამოაგორეს“, – განაცხადა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხზე.
მისივე თქმით „ქალბატონ ნანულის პოლიტიკაში ვინ უნდა გაჰყვეს? პრემიერად ის გიჟი უნდა წარმოადგინონ, ხან უკრაინის მოქალაქე რომ არის და ხან ჩე გევარა. ოპოზიციაში სრული აჯაფსანდალი აქვთ. მათი მსგავსი ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა მოვიდეს. სად არის ოპოზიცია? რასაც ვხედავთ, რადიკალები, უსამშობლოები და პატრონებისგან დაფინანსებული პროექტები არიან. ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვის უფრო მეტი „ლაიქი“ აქვს თუ უფრო მეტი ჩაერიცხა „ტიკტოკიდან“ და „ფეისბუქიდან“. ხედავთ, რა სამარცხვინო დონეზე არიან დასული? იმან კრემებს და „მაზებს“ რეკლამები უკეთა და ის დააჯამა, მეორე გიჟი თავის ვიდეოებს უდარებს. წარმოიდგინეთ, ამათ ხელში ხელისუფლება, მთავრობა, ბიუჯეტი. ამ გიჟებმა რა უნდა გააკეთონ? ესენი მონიშნული უნდა გყავდეს, რომ მათი მსგავსი ხელისუფლებაში არასოდეს მოვიდნენ. ნათელია, პოლარიზებული რადიკალები ერთმანეთს ვერ იტანენ, ეწევიან ქიშპობას, დასმენას. ესენი ხელისუფლებაში როგორ უნდა მოვიდნენ?“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ირაკლი ზარქუა ასევე გამოეხმაურა საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების საკითხს და განაცხადა, რომ ახალგაზრდებს „უსამშობლოები“ იყენებენ.
„ახალგაზრდებს სულ ვაფრთხილებდით, რომ ამ უსამშობლოებს თავს ნუ გამოაყენებინებდნენ. უსამშობლოების ამოცანაა, რაც უფრო მეტად დაიძაბება ქვეყანაში, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ციხეში მოხვდება და დანაშაულს ჩაადენინებენ. მათი მიზანია, შტურმი იყოს პოლიციაზე, სამთავრობო შენობებზე, შტურმი პარლამენტზე. ეს ამათი დაკვეთა იყო და, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ციხიდან გაშვება არ აწყობთ. ახლა იმ ახალგაზრდების ბულინგი დაიწყეს, ვინც გამოვიდა და თქვა, რომ შეცდომას აღიარებენ. ხელისუფლების ამოცანა არასოდეს ყოფილა ახალგაზრდების დაჭერა, პირიქით, ვეუბნებით, შეცდომა აღიარონ და ჩვენც მათკენ ნაბიჯს გადავდგამთ. 45 ადამიანი დილას თავის მშობლებთან ერთად ხვდება. ერთმანეთს აკომპლექსებენ და ერთმანეთის ტყვეები არიან, რომ რამენაირად, სტატუს კვო შეინარჩუნონ – „პოლიტპატიმრები“ და რაღაც სიგიჟეებს იძახიან. თავად საზღვარგარეთ მშვენივრად დაისვენეს, კარგად ირუჯებიან. ის ახალგაზრდები კიდევ ციხეში არიან, რადგან ბულინგის მსხვერპლი არიან, განცხადება არ დაწერონ. ამ უსამშობლოებს ეს რისთვის სჭირდებათ? ახალი დაფინანსება რომ მიიღონ. ამ ახალგაზრდებს შაბათ-კვირას რუსთაველზე რომ დაატარებენ, მათთან ერთად რომელიმე ლიდერი გამოდის? არა, მხოლოდ მათ იყენებენ. თავად მშვენივრად არიან წამოსკუპებული კურორტებზე, დასასვენებლად“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს შორის, სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც მოხვდნენ. მიხეილ ყაველაშვილმა სულ 226 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და ექვს არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს ნასამართლობა მოეხსნა.