ინკლუზიური განათლების სერვისების განვითარებისთვის
By

ინკლუზიური განათლების სერვისების განვითარებისთვის

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ინკლუზიური განათლების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საჯარო დიალოგის ძირითადი მიგნებები და მის საფუძველზე შემუშავებული ინიციატივები. მათ შორის იყო რესურსსკოლების მეთოდოლოგიურ ცენტრებად გარდაქმნა, სკოლამდელი განათლების საფეხურზე ინკლუზიური სერვისების განვითარება, სპეციალური მასწავლებლებისა და ასისტენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე, დისლექსიის მქონე ბავშვების მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერება.

საჯარო დიალოგის ფარგლებში მიღებული მიგნებები საფუძვლად დაედება ინკლუზიური განათლების პოლიტიკისა და სერვისების შემდგომ გაუმჯობესებას, რაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომ, თანასწორ და ხარისხიან საგანმანათლებლო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

პროექტმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. ქვეყნის მასშტაბით 15 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 2 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელ ღონისძიებაზე საუკეთესო პრაქტიკებს შორის დასახელდა ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების ცენტრი.

პროექტის მიზანი იყო, სახელმწიფო უწყებებსა და სასკოლო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებით, სისტემაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და ინკლუზიური განათლების სერვისების განვითარების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართვა. ინიციატივა, ასევე, მიზნად ისახავდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის არსებული მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე მსოფლიო ბანკის პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი“ მხარდაჭერით განხორციელდა.

 

  • No Comments
  • ივნისი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *