თამარ ჩერგოლეიშვილი – ხელისუფლების ჩამონგრევას საერთოდ არაფერი არ უნდა, გარდა იმისა, რომ ოპოზიცია მოვიდეს აზრზე
,,ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში ოპოზიციის გაძლიერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციურმა სპექტრმა საკუთარ დღის წესრიგში მოსახლეობის წინაშე არსებული რეალურად მტკივნეული თემები უნდა დააყენოს.
ჩერგოლეიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ვერ გადარჩება დასავლეთთან დალაგების გარეშე, თუმცა ოპოზიციაც უნდა „მოვიდეს აზრზე“.
„ხელისუფლების ჩამონგრევას საერთოდ არაფერი არ უნდა, გარდა იმისა, რომ ოპოზიცია მოვიდეს აზრზე და თავის დღის წესრიგში შემოიტანოს თემები, რაც ხალხს აწუხებს“, – აცხადებს ჩერგოლეიშვილი.
პოლიტიკოსის თქმით, „რეჟიმის ჩამოშლა“ მხოლოდ მკაფიო, განსხვავებულ ფასეულობებზე აგებული დემოკრატიული ალტერნატივის გამოჩენის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„აქამდე იმიტომ არ ინგრევა, რომ ოპოზიციაშიც ისეთივე ავტოკრატები არიან, რომლებიც სიტყვის გამო მაყურებელს სჯიან, ზუსტად ისეთივე, როგორიც არის ხელისუფლებაში…
ვიდრე არ კრისტალიზირდება დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც სრულიად სხვა ფასეულობებზეა აგებული, იქამდე რეჟიმის ჩამოშლას არ უნდა ველოდოთ“ , – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.