ზურაბ პატარაძე: საზღვაო აკადემიის როლი არის უდიდესი – წარმოაჩინოს საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა შავი ზღვის რეგიონში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და აკადემიურ პირებს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელმაც არაერთი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი აღზარდა. საზღვაო აკდემიის როლი არის უდიდესი- წარმოაჩინოს საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა შავი ზღვის რეგიონში.
„აქ იზრდებიან არა მხოლოდ მომავალი მეზღვაურები, არამედ საზღვაო ლოგისტიკისა და პორტების მართვის მომავალი ლიდერები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი პორტების განვითარებისთვის.
ზღვა არის ჩვენი რეგიონის სიძლიერის, ტრადიციისა და მომავლის სიმბოლო. ამიტომაც, ჩვენი მიზანია, შევქმნათ ყველა პირობა იმისათვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მიიღონ უმაღლესი სტანდარტის განათლება საკუთარ სახლში და იყვნენ კონკურენტუნარიანები მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონის ხელისუფლება მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პროფესორ-მასწავლებელთა მხარდაჭერას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და საზღვაო განათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვას.
შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების განვითარებისა და ციფრულ გამოწვევებთან ადაპტირების საკითხები.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აკადემიის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და აკადემიური საქმიანობის ხელშეწყობის არაერთი პროგრამა ხორციელდება. წელს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისთვის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 2 500 000 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული პროგრამები ხელს უწყობს საზღვაო განათლების გაძლიერებას, სასწავლო პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, სასწავლო პროგრამების განახლებას, უმაღლესი განათლების რეფორმის ეფექტიან განხორციელებას.
შეხვედრას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ივანე აბაშიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.