ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაში მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა
გოდერძის უღელტეხილს ემიჯნება ლოდიძირის მთა, სადაც ზაფხულს ხულოს მოსახლეობა და მეცხოველეები ატარებენ. ბოლო წლებში ამ მთას მრავალი ახალი ნაგებობა შეემატა, მათ შორის, სასტუმროები, კვების ობიექტები, დასასვენებელი კოტეჯები. რიგი ინფრასტრუქტურა თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს და განახლებას საჭიროებს. მიძნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაში ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა, მათ საჭიროებებსა და მოსაზრებებს გაეცნო და სამომავლოდ გასათვალისწინებელ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
ადგილობრივებთან შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების უცვლელ პრიორიტეტად მთიანი რეგიონების გაძლიერება და თითოეული ოჯახისთვის ღირსეული პირობების შექმნა რჩება. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ეკონომიკურად ხელსაყრელი გარემოს შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს მშობლიურ მუნიციპალიტეტში დაბრუნების სტიმულს მისცემს. მან ასევე, ისაუბრა დაგეგმილ ინიციატივებზე, რომლებიც მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაში ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის ბოძებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.
პროექტის დასრულების შემდეგ, ლოდიძირის იალაღებზე ელექტრომომარაგება სტაბილური და უსაფრთხო გახდება, რაც მემთეურთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და მთის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.
პროექტის მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა


