ზაფხული და ლაზერული ეპილაცია: მითები და რეალური რისკები
By

ზაფხული და ლაზერული ეპილაცია: მითები და რეალური რისკები

ზაფხულში სილამაზისა და თავის მოვლის პროცედურებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება, ერთ-ერთი მოთხოვნადი პროცედურა კი ლაზერული ეპილაციაა, თუმცა მიუხედავად მისი პოპულარობისა, საზოგადოებაში დღემდე არსებობს მითები, რომ ზაფხულში ეპილაციის გაკეთება არ შეიძლება, პროცედურა იწვევს დამწვრობას და ლაზერის სხივი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. შეიძლება თუ არა ეპილაციის გაკეთება ზაფხულში, რამდენად საშიშია მზეზე გასვლა პროცედურის შემდეგ და რა რისკებს შეიცავს დაუცველი კანი.

– ამ თემებზე ბათუმელი ლაზეროთერაპევტი ზიკი ჭაღალიძე გვესაუბრება.

მითია თუ რეალობა, რომ ზაფხულში ეპილაცია არ არის რეკომენდებული?

– ზაფხულში ეპილაციის მავნე ზემოქმედება მითია, თუმცა გარკვეული შეზღუდვები და რეკომენდაციები რეალურია.ზაფხულში ეპილაციის გაკეთება უსაფრთხოა, თუ დაცული იქნება კანის მოვლის წესები. კერძოდ: ეპილაციის შემდეგ ექვსი საათის განმავლობაში არ მიიღონ შხაპი, გამოიყენონ დამწვრობის მალამო და ერთი კვირა არ გაირუჯონ.

შესაძლოა თუ არა გარუჯულ კანზე ეპილაციამ დამწვრობა გამოიწვიოს?

– დიახ, გარუჯულ კანზე ლაზერულმა ეპილაციამ შესაძლოა გამოიწვიოს დამწვრობა. ლაზერის სხივი მიმართულია თმის პიგმენტზე. როდესაც კანი გარუჯულია, შეიცავს დიდი რაოდენობით მელანინს, ამიტომ ლაზერი ვერ განასხვავებს თმასა და კანს, რაც წვავს კანის ზედაპირს.

რამდენად საშიშია მზეზე გასვლა ეპილაციის შემდეგ?

– ლაზერის შემდეგ ზღვაზე გასვლა გარკვეულ რისკებს მოიცავს, რადგან პროცესის შემდეგ კანი უფრო მგრძნობიარე და დაუცველია, მზის სხივები კი კანს მარტივად წვავს.

რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ლაზერული ეპილაცია და ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა ადამიანს ეპილაციის გაკეთებაზე უარი უთხარით კანის მდგომარეობის გამო?

– არ არის რეკომენდებული ორსულობისას, ლაქტაციის პერიოდში, ონკოლოგიური და კანის დაავადებების დროს, როგორებიცაა ფსორიაზი და ეგზემა, ასეთ დროს სპეციალისტი უარს ამბობს პროცედურის ჩატარებაზე.

არსებობს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა?

– ლაზერულ ეპილაციას მკაცრი, კანონით დადგენილი ასაკობრივი ზღვარი არ აქვს, თუმცა არსებობს სამედიცინო რეკომენდაციები და წესები. გოგონების შემთხვევაში, მენსტრუალური ციკლი უნდა იყოს ჩამოყალიბებული მინიმუმ 1 წლის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, მშობლის თანხმობაა საჭირო.

კანის ტიპი და თმის ფერი რამდენად განსაზღვრავს შედეგს?

– ორივე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეპილაციის შედეგზე. ღია კანსა და მუქ თმაზე ლაზერი უკეთ ხედავს მუქ პიგმენტს, ამიტომ შედეგი ეფექტურია. ღია ქერას და წითურ თმას ნაკლები მელანინი აქვს და შესაბამისად, შედეგიც ნაკლებად ეფექტურია.

ეპილაციასთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებული მითი რომელია?

– ყველაზე გავრცელებული მითია, რომ სხივი ძალიან ღრმად ჩადის კანში და აზიანებს ორგანოებს. ეს შეუძლებელია, რადგან ლაზერის სხივი აღწევს კანში მხოლოდ 1-დან 4 მლ-მდე და ჩერდება თმის ფოლიკულასთან.

– ალექსანდრიტსა და დიოდურ ლაზერს შორის რა განსხვავებაა და რომელია უფრო ეფექტური?

– არჩევანი ალექსანდრიტსა და დიოდს შორის დამოკიდებულია კანის ფოტოტიპსა და თმის სტრუქტურაზე, რადგან ორივე აპარატს თავისი უპირატესობა აქვს.

ნინი ჩხარტიშვილი

  • No Comments
  • მაისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *