ზაზა დავითაძე: სტუდენტურ ოჯახს შვილი რომ უჩნდება, „მთის კანონის“ შეღავათით ვერ სარგებლობს
მოძრაობა „ხალხის ძალა“ ახლანდელი მოწვევის 24-წევრიან შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 3 წევრითაა წარმოდგენილი. საკრებულოში შექმნილ ფრაქციას „ხალხის ძალა“ ზაზა დავითაძე ხელმძღვანელობს. იგი ჩვენი სტუმარია.
– პირველ რიგში, მადლობა თქვენს გაზეთს, რომ საკრებულოში „ხალხის ძალის“ საქმიანობით დაინტერესდით. წინა მოწვევის საკრებულოში 2 წევრით ვიყავით წარმოდგენილი, ამჯერად, 2 პროპორციული სიით აგვირჩიეს, სულიკო ბოლქვაძე კი წყალსაყრელთა მაჟორიტარია. სამივეს წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობის მრავაწლიანი გამოცდილება გვაქვს, რაც საფუძველს გვიქმნის, რომ ვიყოთ მოვლენების ეპიცენტრში, დავიცვათ ამომრჩეველთა ინტერესები, კომპეტენტური ორგანოების მსჯელობის საგნად გავხადოთ მათი წინადადებები და სურვილები.
– ეს წინადადებები და სურვილები რა სახისაა?
– იგი მეტწილად, სოფლის, დასახლებული უბნის საჭიროებებს მოიცავს. გახშირებული მეწყრული პროცესები, მთისპირა ტერიტორიებზე ცხოვრება, სოფლის, რაიონის ცენტრისგან 30-35 კილომეტრით დაშორება მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ისინი თვითმმართველობის სტრუქტურებში მიღებაზე მოდიან, ჩვენც გავდივართ სოფლებში, ვუსმენთ ამომრჩევლებს. მისასალმებელია მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ ომარ ტაკიძის, მისი მოადგილეების, სამსახურების უფროსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მხარდაჭერა. ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მაღლაა უბანი თერნალი. საკრებულოში საქმიანობის წლებში, ამ უბნის მცხოვრებთა კეთილდღეობისთვის 10-მდე ინდივიდუალური და საერთო პრობლემა ჩვენი ჩართულობით მოგვარდა. ყველას ოცნება იყო მთა კატრიანზე, გრძელგორსა და ყავრიანზე მეცხოველეებს დენი ჰქონოდათ. „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მმართველობაში მოსვლის შემდეგ, ეს პრობლემა მოგვარდა. გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი: მალე ამ მთებში მისასვლელი საავტომობილო გზაც მოწესრიგდება – ღორჯომი-ბახმაროს საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარს აგებენ. ისევ პრობლემად რჩება მდინარე გუბაზოულზე ხიდების გაკეთება, რაც სამივე მთაში მიმოსვლას გააიოლებს. სამი წლის განმავლობაში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი იყო ფრიდონ ფუტკარაძე. იმ წლებში საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. ყველა მიესალმებოდა იმ სიახლეებს, რაც დაბის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად კეთდებოდა. ბატონი ფრიდონი ამჟამად შუახეველთა დელეგატია აჭარის უმაღლეს საბჭოში და მშობლიური შუახევის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ჩვენთან ერთად ირჯება.
– წინა და ახლანდელი მოწვევის საკრებულოში „ხალხის ძალის“ ინტერესების გამტარებელი ხართ. რას იტყვით იმ კანონებზე, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი არ აღიარებს?
– წელს „ხალხის ძალის“ ლიდერების სოზარ სუბარის, გურამ მაჭარაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, ეკა სეფაშვილის ინიციატივით, საქმიანი შეკრება გვქონდა. მისი მიზანი იყო ჩვენი მოძრაობის პოზიციის დაფიქსირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. იმ კანონების მიღებას, რომლებიც მოსვენებას უკარგავს ქვეყნის შიგნით არსებულ ოპოზიციას და მათ უცხოელ მხარდამჭერებს, პარლამენტში „ხალხის ძალის“ კვოტით არჩეულებმა მხარი დაუჭირეს. როცა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ასეთი ერთსულოვნებაა, ჩვენ მოვლენების მიღმა ვერ დავრჩებით. ქალ-ვაჟის მამამ, როგორ შეიძლება ოჯახური სიწმინდის დაცვის კანონს მხარი არ დავუჭირო? სოფელი ოდითგანვე იცავდა ამ ღირებულებებს და დღემდე ასეა.
– სოფლები იცლება. . .
– მობრუნდებიან ბუდეს მერცხლები. . . ბოლო წლებში, სოფლების ცენტრების კეთილმოწყობას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს. მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოებზე, ყველა სოფელში ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზები შედის, უმჯობესდება მოსახლეობის სამედიცინო პატრონაჟი. პროფესიით ექიმი ვარ და ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას კარგად ვხედავ. პირველად სამედიცინო ცენტრებთან ერთად, ყველა სოფელში თემის სამედიცინო პუნქტებია. ექთნების მომზადების მხრივ, კარგ დახმარებას გვიწევს საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტი. სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობა 20 ერთეულს უახლოვდება. მოსწავლეთა განკარგულებაშია თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სკოლები, გვყავს კვალიფიციური პედაგოგები და… ახალგაზრდობა სოფელს მაინც ტოვებს. „მთის კანონმა“ ერთ ხანს კარგად იმუშავა, მაგრამ გადასახედია სტუდენტებისთვის მთიანი რეგიონის მკვიდრის სტატუსის შენარჩუნება. სტუდენტურ ოჯახს შვილი როცა უჩნდება, „მთის კანონის“ შეღავათით ვერ სარგებლობს.
– გაზაფხულის დღესასწაულებიდან რომელს გამოარჩევდით?
– ალბათ, 9 აპრილსა და 26 მაისს. ეს ორი თარიღი ჩემთვის დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ასოცირდება. შუახევის საშუალო სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია შუახევში ჩამოვიდა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა შუახევლებს რეფერენდუმში აქტიურობისთვის. 1989 წლის 9 აპრილი ტკივილიან დღედ ჩაიწერა ერის ისტორიაში, მაგრამ 1991 წელს სხვა დატვირთვა შეიძინა. გული მტკივა, რომ ოპოზიციამ წლევანდელი 9 აპრილი დაპირისპირების დღედ აქცია. ალბათ, იგივეს აპირებენ 26 მაისს, გამოსვლების დღედ დააანონსეს. თუ ქართველები ვართ, სამშობლო ჩვენი საფიცარია, დამოუკიდებლობის დღე ერთად შევირგოთ და გამოსვლები სხვა დროისთვის გადავდოთ.
ოთარ ცინარიძე