„ვიყავით და ვიქნებით რეჟიმის უმთავრესი თავის ტკივილი“
პოლიტიკური დაძაბულობა, ურთიერთბრალდებები ოპოზიციურ ფლანგზე, სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები ხელისუფლებაში, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და დასავლური გზავნილები საქართველოს ხელისუფლებისადმი საზოგადოებაში მრავალ კითხვას აჩენს. სწორედ, ამის თაობაზე გვესაუბრება ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი კახა მიქელაძე.
– თავდაპირველად, ხელისუფლებაში საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე ვისაუბროთ, რა გახდა ამის უმთავრესი მიზეზი?
– ივანიშვილზე წნეხი იზრდება, შესაბამისად, ყველა შესაძლო ვარიანტისთვის ემზადება, მალე გაიაზრებს, რომ რეალობასთან შეგუება მოუწევს. რაც შეეხება აჭარას, ერთს ვიტყვი, მთავრობის თავმჯდომარის (თუნდაც არალეგიტიმურის) ხშირი ცვლილება არასტაბილურობაზე მიუთითებს.
– სხვათა შორის, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ სამთავრობო ცვლილებები პოლიტიკის თანმდევი ნაწილია და ამ მხრივ ოპოზიციის შეფასებები არაადაკვატურია, მით უფრო, რომ ოპოზიციაში ურთიერთდაპირისპირებებია.
– ცვლილებები ნამდვილად პოლიტიკის ნაწილია, თუ იგი ბუნებრივად ხდება და არა – ერთი კაცის ახირებით.
– საუბრობენ, რომ შესაძლოა საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეიცვალოს, კერძოდ, ასეთ მოსაზრებას ექსპერტთა ნაწილი ახმოვანებს, რას ფიქრობთ?
– ყველაფერი შეიძლება ოლიგარქისთვის და არაფერი შეიძლება ხალხისთვის – ასეთია დღევანდელი საქართველო, ამიტომ ვერავითარი მსგავსი ცვლილება ადამიანის კეთილდღეობას ვერ გააუმჯობესებს.
– ახლა ოპოზიციაზე ვისაუბროთ, ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის თავდასხმებს ოპოზიციური ფლანგის ზოგიერთ წარმომადგენლზე და პირიქით, თქვენი აზრი ამის შესახებ…
– მიხეილ სააკაშვილის სიდიადე არა მხოლოდ დღევანდელობაში ჩანს, არამედ ისტორიაშიც. მას არ სჭირდება არავისზე თავდასხმა, გარდა რუსული ინტერესების გამტარებლებისა, ამიტომ როცა ის მართებულ შენიშვნებს იძლევა, სჯობს, გაითვალისწინონ.
– ექსპერტთა ნაწილი ამბობს (მაგალითად, გია ხუხაშვილი), რომ სააკაშვილის შენიშვნები ოპოზიციური ალიანსის მიმართ სწორია (იგულისხმება ის, რომ ოპოზიცია სატელევიზიო ოპოზიციად გადაიქცა), რას ფიქრობთ?
– ხალხს უნდა ელაპარაკო პოლიტიკოსი თუ ხარ და თუ ამას არ აკეთებ და შენიშვნასაც უკადრისობ, გასაკვირია. აჭარაში, არასაარჩევნო წლებში, ენმ-ს არ შეგვიწყვეტია ხალხთან კომუნიკაცია, ყველა ოჯახში არაერთხელ მივსულვართ, ამიტომაც ვიყავით და ვიქნებით რეჟიმის უმთავრესი თავის ტკივილი.
– თუმცა არის სხვა მოსაზრებაც, კერძოდ, სააკაშვილს არ აწყობს ოპოზიციური ალიანსის გაძლიერება, რომ ,, ნაცმოძრაობა” არ დაიჩრდილოს…
– ეს რომ ოდნავაც შეეფერებოდეს სიმართლეს, ვერცერთი ის ადამიანი, ვინც მსგავს სიცრუეს ავრცელებს, ვერ იქნებოდა პოლიტიკაში.
– რამდენად რეალურია, რომ ,,ნაცმოძრაობამ“ დატოვოს ეს ოპოზიციური ალიანსი?
– რა ან ვინ უნდა დავტოვოთ? ყველამ უნდა გაიაზროს ბუნების კანონი და ისე იმოქმედოს. ზოგი კვლავ იმ ასტრონომიულ სიბნელეში ჩარჩა, რომ ეგონათ, მზე მოძრაობს დედამიწის გარშემო. ენმ ხალხთან მუშაობს. ავიღოთ თუნდაც ამჟამინდელი „კრიზისის დაძლევის 3 ნაბიჯი“, რომლიც ლაშა ფარულავამ წარადგინა, ამ საკითხებზე ადამიანებს ვესაუბრებით და საქმით ვპასუხობთ ყველას.
– ეს ,,კრიზისის დაძლევის 3 ნაბიჯი“ რას მოიცავს?
– ,,კრიზისის დაძლევის 3 ნაბიჯი“ ბუნებრივად პასუხობს, არსებულ მოცემულობაში, ფასების დაწევის პრობლემას. ყველამ ვიცით, რა მნიშვნელობისაა ფასწარმოქმნილი რესურსების როლი. ამიტომ, როცა აქციზის გადასახადი, თავის დროზე, ე. წ. ხელისუფლებამ გააორმაგა, ამით დაახლოებით 300-400 მილიონი ლარით გაზარდა ბიუჯეტში შენატანი (ის მერე როგორ არამიზნობრივად იხარჯება, ცალკე საუბრის თემაა), რაც, ცხადია, კომპანიებმა ფასში ასახეს და, ფაქტობრივად, მოქალაქეებს უწევთ ფასნამატის საკუთარი ჯიბიდან გადახდა. გარდა ამისა, ამან გასაქანი მისცა კონტრაბანდას, რაც საბიუჯეტო სისტემის დამანგრეველია. იგივე შეიძლება ითქვას დენის ფასზე, თამბაქოს აქცისზეც. ამიტომ ლაშა ფარულავას მიერ წარმოდგენილი ენმ-ის გეგმა სრულად პასუხობს დღეს არსებულ პრობლემებსა და მათი დაძლევის გამოწვევებს.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ქვეყანაში მიმდინარე სხვა აქტუალურ საკითხებს: მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს რისი მანიშნებელია?
– აკრძალონ მერე, რას ელოდებიან? იქნებ მოსკოვის თანხმობას, რომელიც შესაძლოა მიიჩნევდეს, რომ ამას არაფორმალური, დისიდენტური მოძრაობა მოჰყვება, მასთან გამკლავების პრაქტიკული გამოცდილება კი ,,ფბს“-ს ამ თაობას არა აქვს.
– თუ საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი პარტიის ზემოაღნიშნულ სარჩელს დააკმაყოფილებს, რა რეაქცია ექნება დასავლეთს?
– დასავლეთის რეაქციას ვნახავთ. ივანიშვილი უკვე უკეთ აცნობიერებს საფრთხეს და ცდილობს, გზები გამონახოს აშშ-თან, თუმცა იმ ალგორითმული ტრაექტორიით, რითაც რუსეთში წარმატებას აღწევდა, აქ ფიასკოსთვისაა განწირული. მაისში აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელი ეწვევა საქართველოს და არასასიამოვნო პერსპექტივას კიდევ უფრო ნათლად დაუხატავს რეჟიმს.
– ,,მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ“ – თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ – საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას, რას იტყვით?
– კი, რაც თქვა, აქამდე ხომ ყველაფერი ფილიგრანული სიზუსტით აგვიხდა?! ის რადიომიმღების ფუნქციასაც ვერ ასრულებს, სიგნალს ვინც უშვებს, ის კაცი ამასაც წინამორბედებივით აბუჩად იგდებს.
– .,,ნეიტრალურმა საქართველომ“ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები (ეუთო, გაერო) დატოვოს…
– მავნებელ ჯამბაზებს სერიოზულად არ აღვიქვამ.
– საგარეო საკითხსაც შევეხოთ: როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, რომ ევროკავშირთან დაათბოს ურთიერთობა?
– ციხიდან გამოუშვას მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი და მათთან ერთად ყველა პოლიტპატიმარი, შეცვლონ რუსული კანონმდებლობა, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები… – ვხედავთ, რომ საერთაშორისო სამართლი მოიშალა, აგრესია ამ საუკუნის მოვლენა გახდა, ნატოს ქოლგის ქვეშ არმყოფ ქვეყნებს რა საფრთხე ემუქრება?
– დღეს მსოფლმხედველობრივ- სიტუაციური გეოპოლიტიკის ხანაა, უნდა იყო ძლიერი, საღად აზროვნებდე და ყოველთვის გექნება შანსი, ისე გადაურჩე კატაკლიზმებს, რომ არც სუვერენიტეტის დათმობა მოგიწიოს, ვერც ღირსება შეგილახონ და მსოფლიოს დასაცინიც არ გახდე.
– დაბოლოს, რამდენად რეალურია, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა განსაზღვროს ახალი მსოფლიო წესრიგი?
– სხვაგვარად არც იქნება! უკრაინა გაიმარჯვებს, ის დაიკავებს სლავური დომინაციის ფარგლებში რუსეთის ადგილს და ცხადია, ახალი კონფიგურაციაც შესაბამისი იქნება. სამწუხაროა, რომ ამ პროცესს ,,ლუზერული “ პირობებით ხვდება საქართველო, ამიტომ აუცილებელია ჯერ ივანიშვილის დამარცხება და მერე, ოპერატიულად, საერთაშორისო იმიჯის დაბრუნება.
ლაშა ხომერიკი