„ე.წ. ოპერაცია „კართაგენი“ მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ არ იყო მიმართული“
By

„ე.წ. ოპერაცია „კართაგენი“ მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ არ იყო მიმართული“

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს ბრალი წაუყენა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურორ რუსლან კრავჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის, სემიონ კრივონოსის წინააღმდეგ ეჭვმიტანილის ბრალდებას მოაწერა ხელი, რომლითაც მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო სარგებლის მიღების მიზნით ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს.

„ე.წ. ოპერაცია „კართაგენი“ მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ არ იყო მიმართული. მისი ნამდვილი მიზანი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მასალებზე წვდომის მოპოვება იყო. ხოლო, ამის შემდეგ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ჩამოშორება და ამ საქმეებზე საპროცესო გადაწყვეტილებების შეჩერება“, – განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

კრავჩენკომ სემიონ კრივონოსს და უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელ ალექსანდრ კლიმენკოს გადადგომისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ გასულ კვირას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა, თუმცა, ოფიციალურად ჯერ არ გაუთავისუფლებიათ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტოკორუფციულმა პროკურატურამ გენერალური პროკურატურის ოფისში კრიმინალური ორგანიზაციის გამოსავლენად სპეციალური ოპერაცია „კართაგენი“ ჩაატარეს.

კერძოდ, საქმე ეხებოდა თაღლითური სატელეფონო ცენტრების ქსელისა და აქტივების გათეთრების მფარველობაში გენერალური პროკურატურის თანამდებობის პირის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის მონაწილეობას. გამოძიების ფარგლებში დააკავეს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სერგეი კროპივა, რომელიც თაღლითური სატელეფონო ცენტრების მფარველობაშია ეჭვმიტანილი. პროკურორმა აღნიშნა, რომ დეტექტივებმა დააფიქსირეს კროპივასა და გენერალურ პროკურორს შორის 2026 წლის 4 მარტის საუბარი, საიდანაც ირკვევა, რომ კროპივა „გენერალური პროკურორის მფარველობის ქვეშ იმყოფება“. პროკურორის მტკიცებით, სწორედ ამით აიხსნება რატომ ჰქონდა მას „ფართო უფლებამოსილებები“. კრავჩენკომ განაცხადა, რომ უკანონო ქოლცენტრების მფარველობასთან არაფერი ჰქონდა საერთო.

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *