„ეს იარაღად ქცეული სინათლეა, რომელიც სამიზნეზე რამდენიმე წამის განმავლობაში მოქმედებს“
„აშშ-ის სამხედრო ძალები ლაზერულ იარაღს ჰორმუზის სრუტეში იყენებენ, მათ შორის, ირანული დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ. ამ ტექნოლოგიის განვითარებაში ამერიკელი სამხედროები დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს ხარჯავენ“, – წერს New York Post-ი. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლაზერული სისტემები მოწინააღმდეგის დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების გასანადგურებლად გამოიყენება და ტრადიციულ რაკეტებთან შედარებით, უფრო დაბალ დანახარჯს მოითხოვს.
როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-მა ლაზერული იარაღის პროგრამაზე მუშაობა დაახლოებით 50 წლის წინ დაიწყო და ექსპერტების შეფასებით, მისი შესაძლებლობები მსოფლიოში სხვა სამხედრო ძალების ანალოგიურ სისტემებს აღემატება. „ჩვენ შეგვიძლია ძალიან ზუსტად მივადევნოთ თვალი დრონებს, დავუმიზნოთ მათ და ლაზერის სხივი ზუსტად იმ წერტილში მივმართოთ, სადაც გვჭირდება, რათა მისი სენსორები მწყობრიდან გამოვიყვანოთ ან თავად დრონი გავანადგუროთ“, – განაცხადა გამოცემასთან საუბარში მარკ ნისმა, კომპანია Directed Energy Consultants-ის პრეზიდენტმა.
ლაზერული ტექნოლოგია ენერგიას გენერატორებიდან ან ელემენტების ბატარეებიდან იღებს, შემდეგ კი ამ ენერგიას ფოტონებად გარდაქმნის. ფოტონები ერთ ძლიერ სხივად იყრის თავს, რომელიც შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია და მხოლოდ ინფრაწითელ სპექტრში ჩანს. სხივი მიზანზე მიმართული ზედაპირის გაცხელებას იწვევს, რის შედეგადაც, სამიზნე შესაძლოა დადნეს ან აფეთქდეს.
„ეს იარაღად ქცეული სინათლეა, რომელიც სამიზნეზე რამდენიმე წამის განმავლობაში მოქმედებს. ეს არის ე.წ. დამიზნების დრო, რაც საბოლოოდ, მის განადგურებას იწვევს“, – განაცხადა ჯარედ კელერმა, საინფორმაციო ბიულეტენ Laser Wars-ის ავტორმა.
მისი თქმით, ლაზერული იარაღის ლაბორატორიებიდან რეალურ საბრძოლო გარემოში გადატანისთვის ახლა უკვე შესაბამისი პირობებია შექმნილი.
„ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარება ისაა, რომ არმიამ ნახევარი მილიარდი დოლარის კონტრაქტი გააფორმა საბრძოლო გამოყენებისთვის მზადყოფნაში მყოფი ლაზერების შესაქმნელად, რომლებიც ფოტონების ენერგიას სამიზნეზე მიმართავენ და მას მძიმე ზიანს აყენებენ“, – აღნიშნა კელერმა.
კელერის თქმით, ვიდეოთამაშების ინდუსტრიამ უკვე შექმნა ეფექტიანი ჯოისტიკები და სამხედროებს აღარ სჭირდებათ სპეციალურად ახალი მართვის სისტემის შექმნა.
ლაზერული ტექნოლოგიის განვითარებაში გარკვეული როლი აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე მიმდინარე ოპერაციებმაც ითამაშა. მექსიკიდან ნარკოკარტელების მიერ გაგზავნილი დრონების წინააღმდეგ ლაზერული სისტემები Joint Task Force Southern Border-მა გამოცადა. გამოცემის ცნობით, ამ გზით სულ მცირე 11 დრონი ჩამოაგდეს.
„ყველაფერი, რაც ნარკოკარტელების საფრთხის აღმოფხვრაში ან თუნდაც მათთვის პრობლემების შექმნაში დაგვეხმარება, დადებითია. ეს სისტემები საკმაოდ ეფექტიანად გამოიყურება და ლაზერებით დრონების ჩამოგდება უკვე მხოლოდ ოცნება აღარ არის“, – განაცხადა ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს თავდაცვის საკითხების უფროსმა მკვლევარმა ბრენტ ზიარნიკმა.
თუმცა, ექსპერტების ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გემებზე და აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე გამოყენებული ლაზერული სისტემები ამ ეტაპზე ადამიანების წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ.
ექსპერტების თქმით, ტექნოლოგიას საბრძოლო მოქმედებების შეცვლის პოტენციალი აქვს.