„ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ“
By

„ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ“

კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უცხო ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ.

„ამ ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ. დაუშვებელია, რომ ვინმემ, თუნდაც მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სახელით, საქართველოს ინტერესების დაზიანება სცადოს.

სამწუხაროდ, სწორედ ამგვარ ქმედებებს ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელთა განცხადებებიდან ხშირად იკვეთება, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია იმ გარე ძალების პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ, რომელთა დაცვასაც ისინი ცდილობენ.

ეს აქტორები უკვე დაუფარავად მიანიშნებენ, თითქოს საქართველო არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოების გეგმებს მოერგოს, თუნდაც საქართველოს და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.

ცხადია, ამ პოლიტიკურ ძალებს კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და ირანის კავშირებზე საუბარი არასერიოზულია. ამიტომ, გასაგები ხდება, რომ მათი მთავარი ამოცანა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანებაა იმ ძალების სასარგებლოდ, რომელთა პოლიტიკური დღის წესრიგის დაცვასაც მათი აქტივობები ემსახურება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას.

„ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვუწოდებ საზოგადოებას, კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობების შექმნას ემსახურება. ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას. სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი.

ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე შედეგები დგება მაშინ, როდესაც შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგება. გასული საუკუნის გამოცდილება სწორედ იმის შეხსენებაა, თუ რამდენად სახიფათოა ეროვნული ერთიანობის შესუსტება და უცხო ძალების დღის წესრიგისთვის ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მიცემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

  • No Comments
  • ივნისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *