დრამატული თეატრის გასტროლი – ტრაპიზონის შავი ზღვის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე
13-14 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ტრაპიზონის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგება სპექტაკლით – „დარისპანის გასაჭირი“, რომლის რეჟისორი გიორგი კაშიაა.
„დავით კლდიაშვილის უკვდავი პროზაული ქმნილებები თავისი გამორჩეული ბუნების მეოხებით იმთავიდან იქცევდა და იქცევს ქართული (და არა მარტო ქართული) თეატრის ინტერესს. რა თქმა უნდა, ბათუმის დრამატული თეატრიც არაა გამონაკლისი. რეჟისორმა გიორგი კაშიამ ვალერი ოთხოზორიასთან თანამშრომლობით შექმნა „დარისპანის გასაჭირის“ სცენური ვერსია. კლასიკა იმიტომაცაა კლასიკა, რომ ნებისმიერ დროსა თუ ეპოქაში ახალი კუთხით, ახალი თვალით გვაჩვენებს არსებულ სინამდვილეს. კლდიაშვილის დარისპანიც დამოგზაურობს თაობიდან თაობაში, ერთდროულად დაატარებს კომიზმსა თუ ტრაგიზმს, გაუნელებელ ტკივილსა თუ მარადიულ საფიქრალს“, – ვკითხულობთ თეატრის ოფიციალურ გვერდზე.
მათივე განმარტებით, აღნიშნულ ფესტივალში ბათუმის დრამატული თეატრის მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული თეატრის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.
თეატრს გასტროლამდე ცოტა ხნით ადრე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად შეხვდა და ფესტივალისთვის სამზადისის შესახებ თეატრის დირექტორისა და დასის წევრებისგან ინფორმაცია მოისმინა.
„კულტურის და სახელოვნებო სფეროს განვითარება ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია; ჩვენი მთავრობის, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა შემოქმედი ადამიანებისადმი არის გზავნილი, რომ ისინი არიან სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, რადგან მათ საქმიანობაში ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა და მრავალფეროვანი გამოცდილება აისახება.
მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს მსახიობებს. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ასპარეზზე ისინი კვლავაც ღირსეულად წარმოაჩენენ ქართულ კულტურას და რეგიონის შემოქმედებით პოტენციალს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, ფესტივალი, რომელიც 2000 წლიდან იმართება, მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და შემოქმედებითი სფეროს განვითარებას.