დოკუმენტაციის წარდგენა 2026 წლის 2 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი
სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ სოციალური პროგრამის ფარგლებში, ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს (ვეტერანთა შვილები, მარჩენალდაკარგულები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები) 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების სწავლის საფასურის დაფინანსების მისაღებად, განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ 2026 წლის 2 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით.
უწყების ინფორმაციით, დაფინანსება ვრცელდება შემდეგ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბაკალავრიატი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამა.
„ორივე სემესტრის დაფინანსება ზემოაღნიშნულ ვადაში წარმოდგენილი მხოლოდ ერთი განცხადების საფუძველზე გაიცემა. გაზაფხულის სემესტრის დაფინანსების მოსაპოვებლად, 2027 წელს ახალი განცხადებები აღარ მიიღება.
წარმოდგენილ განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, იგი გამოასწოროს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
პროგრამა არ ვრცელდება სტუდენტებზე, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე 2026-2027 სასწავლო წლიდან სწავლობენ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სრულად ფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ.
2026-2027 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსება, ორივე სემესტრში ჯამში, შეადგენს არა უმეტეს 1 125 ლარს (თითოეულ სემესტრში – არა უმეტეს 562.50 ლარს).
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, განცხადებასთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
სტუდენტის პირადობის მოწმობა;
სტუდენტის დაბადების მოწმობა;
ვეტერანის მოწმობა;
ვეტერანის პირადობის მოწმობა.
განცხადების განსახილველად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან უზრუნველყოფს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.
ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, სხვადასხვა სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამასთან ერთად, სამსახურის დირექტორის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების უმაღლესი განათლების დაფინანსების პროგრამა 2023 წლიდან მოქმედებს. პროექტის ამოქმედებიდან დღემდე, დაფინანსდა პროგრამის ბენეფიციართა 9 000-მდე მოთხოვნა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.