„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებია, გაფართოვდა გამონაკლისების ჩამონათვალი
By

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებია, გაფართოვდა გამონაკლისების ჩამონათვალი

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრის ეტაპზეა. გადამუშავებული კანონპროექტის მიხედვით, გარკვეული ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ გაცემულ გრანტებზე კანონის მოთხოვნები აღარ გავრცელდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვისას, პროექტში შევიდა დაზუსტებები, რომლის მიხედვითაც, გამონაკლისთა ჩამონათვალს დაემატა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ და საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები. შესაბამისად, მათ მიერ გაცემულ გრანტებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება აღარ დასჭირდება.
კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ცვლილებები მიზნად ისახავს უკვე არსებული პრაქტიკის უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებას: „გთავაზობთ, რომ კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რაც ისედაც იგულისხმებოდა – რომ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ გაცემულ გრანტებზე კანონის მოთხოვნა არ გავრცელდეს. ასევე, დავაზუსტოთ, რომ საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტების გრანტებზეც ეს მოთხოვნა არ ვრცელდება“.
მისივე განმარტებით, საუბარია ისეთ გრანტებზე, როგორიცაა, მაგალითად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიერ გაცემული დაფინანსება, რომელიც, როგორც წესი, სასესხო ხელშეკრულებებს თან ახლავს და დამატებით პოლიტიკურ რისკებს არ შეიცავს.
ამასთან, კანონში უკვე განსაზღვრულია სხვა საერთაშორისო პროგრამებიც, რომელთა გრანტებზე რეგულაცია არ ვრცელდება. მათ შორისაა ევროკავშირის პროგრამები „ჰორიზონტი ევროპა“ და „ერაზმუს+“, ასევე, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) და პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სფეროში გაიცემა.
ცვლილებების თანახმად, ასევე ზუსტდება, რომ გრანტად აღარ ჩაითვლება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ან საჯარო ინტერესებს.
კანონპროექტს საბოლოო დამტკიცებისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენენ.

  • No Comments
  • აპრილი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *