„გოგნარის“ წარმატებული გამოსვლა – არტანუჯში
ბათუმის ფოლკლორულმა ჯგუფმა „გოგნარმა“ თურქეთის ისტორიულ ქალაქ არტანუჯში გამართულ ათათურქის ხსოვნისადმი მიძღვნილ ახალგაზრდობისა და სპორტის ზეიმში მიიღო მონაწილეობა. ანსამბლის მიერ შესრულებულმა ქართულმა ცეკვებმა და სიმღერებმა მაყურებლის მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა, ხოლო ღონისძიების დასასრულს, კოლექტივი ქალაქის მერის, გამგებლისა და ახალგაზრდობისა და სპორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისგან სპეციალური საჩუქრებითა და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა.
საღამოს განსაკუთრებული ემოცია სწორედ ქართული ფოლკლორის მრავალფეროვნებამ შესძინა. „გოგნარმა“ მაყურებელს ქართული კულტურის სითბო, ენერგია და ტრადიციების სიღრმე კიდევ ერთხელ გააცნო. წარმატებული მონაწილეობიდან გამომდინარე, ანსამბლმა უკვე მიიღო ოფიციალური მიწვევა ივლისის ბოლოს გასამართ არტანუჯის იალაღების ფესტივალზე, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ ღონისძიებად მიიჩნევა.
ანსამბლ „გოგნარის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ცისნამ დავითაძემ, მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით მასპინძლებს გულთბილი დახვედრისთვის, მეგობრული გარემოსა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების სურვილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მსგავსი კულტურული შეხვედრები ხალხებს შორის დამეგობრებისა და ტრადიციების გაცვლის საუკეთესო საშუალებაა.

არტანუჯში სტუმრობის ფარგლებში, ქართველმა მონაწილეებმა რეგიონის ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერეს. მასპინძლებმა მათ გააცნეს არტანუჯის მდიდარი ისტორია და აღნიშნეს, რომ წყაროების მიხედვით, ზაფხულის პერიოდში აქ ხშირად ისვენებდა თამარ მეფე. დელეგაციამ, ასევე, მოინახულა აშოტ კურაპალატის საფლავი, ადგილი, რომელიც ქართული ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფურცელს უკავშირდება.
სტუმრები იმყოფებოდნენ შთამბეჭდავ კანიონზეც, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ კანიონად მოიხსენიებენ და რომელიც თავისი ბუნებრივი სილამაზით განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს დამთვალიერებელზე. მოგზაურობის ერთ-ერთ გამორჩეულ ეპიზოდად იქცა სოფელ თოსუნლუში არსებული უნიკალური ტბის მონახულებაც, რომელიც მხოლოდ გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისში, თოვლის დნობის შედეგად ჩნდება, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში ეს ადგილი მწვანე მინდვრად გადაიქცევა.

– ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ვიმოგზაურე ანსამბლ „გოგნართან“ ერთად არტანუჯში. მადლობა მინდა გადავუხადო მათ. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, საოცრად შეასრულეს ყველა ცეკვა და სიმღერა და მაყურებლის მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. მადლობა არტანუჯის გამგებელ ბატონ ალპასლან სოზენს, არტანუჯის მერ ბატონ ემრაჰ ილმაზს, ახალგაზრდობისა და სპორტის ადმინისტრაციის დირექტორ ბატონ ტაიფუნ ოზდემირს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ართვინის ხალხური ფოლკლორის რეგიონალურ ხელმძღვანელ ბატონ ნურეთინ ალბაირაქს. სწორედ მან დაგვაკავშირა არტანუჯის ხელმძღვანელობას, რათა ანსამბლი „გოგნარი“ მიეწვიათ ამ საოცარ ზეიმზე. „გოგნარისთვის“ ეს მხოლოდ წარმატებული გამოსვლა არ იყო, ეს იყო კულტურების, ისტორიისა და მეგობრობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც ქართული ფოლკლორის მიმართ ინტერესი და პატივისცემა კიდევ უფრო გააძლიერა, – გვითხრა ბეიქოზი-ბათუმის ქართული ასოციაციის კულტურის ელჩმა და წარმომადგენელმა ბათუმში მერი დიასამიძემ.
ნანა აბულაძე