გივი მიქანაძეს ბატირ მამედოვმა უმასპინძლა
საქართველოს განათლების მინისტრს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატირ მამედოვმა უმასპინძლა. მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
გივი მიქანაძემ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, ახალგაზრდებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, მათ შორის, ორმხრივი ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას, რაც ახალგაზრდული კავშირების გაფართოებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა, პარტნიორობის გაძლიერებისა და სხვადასხვა საკითხის სიღრმისეულად განხილვის მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.