გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა
საქართველოსა და ჩინეთს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
გივი მიქანაძის თქმით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებსა და ლანჯოუს უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის გაფართოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით, ასევე, სტუდენტებისთვის აკადემიური გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფის მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ჩინური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლების განვითარებაზე. აღინიშნა, რომ 2025-2026 სასწავლო წლიდან ჩინური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა, ოფიციალურად დაინერგა თბილისის ცხრა საჯარო სკოლაში.
შეხვედრის დასასრულს მხარეები, სამომავლო პარტნიორობის გაფართოების მიზნით, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქვეყნებს.