ბსუ-ში ,,გერმანული ენის დღე“ გაიმართა
By

ბსუ-ში ,,გერმანული ენის დღე“ გაიმართა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოს, ასევე DAAD-ისა და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით ,,გერმანული ენის დღე“ გაიმართა. ინფორმაციას ბსუ-ის ადმინისტრაცია ავრცელებს. ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას ბსუ-ის რექტორის მოადგილე თამარ სირაძე და ორგანიზატორი ინსტიტუციების წარმომადგენლები მიესალმნენ.
უწყების ინფორმაციით, მასშტაბური ღონისძიება მრავალფეროვან პროგრამას მოიცავდა – შედგა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, სემინარები და ვორკშოფები მასწავლებლების, სტუდენტებისა და მშობლებისათვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სწავლა გერმანიაში, DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები, ხელოვნური ინტელექტის გაკვეთილზე დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობები და სხვა.
შემეცნებითი, გასართობი, თეატრალური და მუსიკალური სანახაობები განკუთვნილი იყო ბავშვებისათვის 3 წლიდან, მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის.
,,გერმანული ენის დღის“ პროგრამის ფარგლებში, პროექტი „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ წარადგინეს ფოტოგრაფიის, მხატვრობისა და ელექტრონული მუსიკის სფეროს წარმომადგენლებმა. პროექტის მიზანი იყო რეგიონებში კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების (CCI) გაძლიერებისა და ადგილობრივი კულტურული სექტორის წარმომადგენლების წარმოჩენის მხარდაჭერა.
,,გერმანული ენის დღის“ ღონისძიებებს თანაორგანიზება გაუწია და მასში სხვადასხვა აქტივობით მონაწილეობა მიიღო ბსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა და საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციამ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ივნისი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *